ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2019

ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებასაც აწყობს, რომ ამ დაპირისპირებაზე ვილაპარაკოთ და არა რეალურ პრობლემებზე

რუსი ტურისტები და ბიზნესმენები, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილი

“თბილისი პრაიდის” პირველი ღონისძიება უკვე გაიმართა - დრო და ადგილი გასაიდუმლოებული იყო

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებასაც აწყობს, რომ ამ დაპირისპირებაზე ვილაპარაკოთ და არა რეალურ პრობლემებზე

“სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის კრიზისული და არასტაბილური ვითარების შექმნის მცდელობა. რამდენიმე ათეული ადამიანი რომ რაღაცას აკეთებს, ამაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა არ მესმის. რაღაცას რომ აკეთებ, მიზანი ხომ უნდა გქონდეს? ლგბტ აქცია მიზნად ისახავს იმას, რომ მასზე მედიამ ილაპარაკოს, გაშუქდეს, საზოგადოებამ გაიგოს. ეს ხალხი გამოდის იმ მიზნით, რომ “ჩვენ ასეთები ვართ”. ხოლო კონტრაქცია, რომელიც ამას უპირისპირდება, სწორედ ამის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ლგბტ აქცია რომ მშვიდად ჩატარებულიყო და სხვათა შორის გაშუქებულიყო, მოსახლეობის 90% ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ დღეს იმ თემამდე ავიდა, რომ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მივიდეთ, ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად მაინც”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხელისუფლებასაც აწყობს, რომ ამ დაპირისპირებაზე ვილაპარაკოთ და არა რეალურ პრობლემებზე, - ძაბირაძე.

“აღარაფერს ვლაპარაკობ იმ მოწოდებებზე, როდესაც ხელისუფლებას ემუქრებიან, აცხადებენ, რომ “აღვკვეთთ”, “კორდონებს გავარღვევთ"”, ფაქტობრივად დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ქმნიან არაფორმალურ რაზმებს. კითხვა ჩნდება - ან ერთი, ან მეორე მხარე რის მიღწევას ცდილობს ამით? რეალურად, ცდილობენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. საქართველოში სხვა პრობლემები არ დგას? ან მეორე - რა პრობლემები აქვს ლგბტ თემს, დასაქმებას უზღუდავს ვინმე თუ რა პრობლემა აქვთ? ამ ხალხს ავიწყდება, რომ სულ რაღაც 30 წლის წინ არათუ აქციები, სს სამართლის დანაშაული იყო და ციხეში სვამდნენ ასეთი უმცირესობის წარმომადგენლებს და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ის ხალხია, ვინც იმ პერიოდში ცხოვრობდა… ეს აგრესია აჩვენებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების გაბითურებას ცდილობენ ვიღაცები და ცდილობენ ამ ყველაფრით ჩაანაცვლონ პრობლემები და ეს გამოიყენონ პოლიტიკური და სხვადასხვა მიზნებისთვის...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რა თქმა უნდა, მოსაზრებას, რომ როცა ასეთი მიუღებლობაა, ლგბტ თემი სახლში უნდა დაჯდეს და რა დროს გამოხატვის თავისუფლებაა, არ ვეთანხმები. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ აკრძალოს. ვამბობ, რომ ორივე მხარეს აქვს გამოსვლის უფლება, მაგრამ როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, ხომ უნდა შეაფასო სიტუაცია, ხომ უნდა გქონდეს რაღაც მიზანი და რა მიზანია ეს?! რატომ არის დღეს ეს აუცილებელი საქართველოში? საბჭოთა კავშირი იმიტომ ვახსენე, რომ ამ ლგბტ თემის წინააღმდეგ საზოგადოების 90%-ია განწყობილი და სწორედ იმ რეაქციულ ძალებს, ვისაც საბჭოთა კავშირი ძალიან მოსწონდა და დღეს რუსეთი მოსწონს, მათ აძლევს საშუალებას, რასაც აკეთებენ, ის გააკეთონ. ამას თუ ხვდება ლგბტ თემი და განზრახ აკეთებს, მაშინ რა მიზანი აქვს? და თუ ვერ ხვდება, ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეა და უნდა ხედავდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეკლესიის განცხადება შეიძლება მისაღები არ არის, მაგრამ გასაგებია. ეკლესია და ქრისტიანობა ამ თემის საქმიანობას უდიდეს ცოდვად თვლის. თუმცა როდესაც განცხადება კეთდება, ეკლესიაც უნდა იყოს ფრთხილი და მოზომილი, ხელი კი არ უნდა შეუწყოს აგრესიის განვითარებას, არამედ პირიქით, უნდა შეძლოს, რომ აგრესია დააცხროს ისე, რომ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. აგრესიული ჯგუფების გვერდით დგომა, ეს ძალიან ცუდია. ეჭვი მეპარება იმაში, რომ მათ ქრისტიანული მორალი მართლა კარგად იციან. ლევან ვასაძის განცხადებების შემდეგ ხელისუფლებას სათანადო ნაბიჯები უნდა გადაედგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვისაც მომგებიანია ის ვითარება, რაც დღესაა, იმიტომ რომ, სჯობს ვილაპარაკოთ ამ დაპირისპირებაზე, ვიდრე საზოგადოების რეალურ პრობლემებზე. ამიტომ ხელისუფლება შეეცდება, რა თქმა უნდა, იქამდე არ მიიყვანოს საქმე, რომ დაპირისპირება ქუჩაში გადავიდეს და რთულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, მაგრამ ის, რომ ეს თემა აქტუალური იყოს და საზოგადოების ინტერესი აქეთ მიმართოს, ამას შეეცდება და ცდილობს კიდეც”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე – “რა ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ დღეს?” – პასუხობს:

“აქტიური მოქმედებები უნდა განახორციელოს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გაკეთდა ვასაძის და იქ შეკრებილი ხალხის მიერ. თუმცა პასიურობს და დროს წელავს. ამ აგრესიულ ჯგუფს განცდაც კი გაუჩნდა, რომ ხელისუფლება მათ მხარესაა და გაიმარჯვეს, მაგრამ არ ვიცი, ვისთან გაიმარჯვეს 10-15 კაცთან? ჩვენი ეროვნული ენერგია ახლა ამას უნდა შევწიროთ? ეს ვითარება საკმაოდ სახიფათოა. ასე ხელოვნურად ყალიბდებოდნენ ფსევდო ლიდერები ამ ქვეყანაში, რომლებმაც მერე საკმაოდ დიდი უბედურება დაგვატეხეს თავს”.

რუსი ტურისტები და ბიზნესმენები, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილი

“არის თუ არა ქვეყნისთვის საფრთხე, როცა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია რუსი ტურისტების ნაკადი და ბოლო 5 თვეში ნახევარ მილიონზე მეტი რუსი ტურისტია შემოსული და როცა საქართველოში უძრავი ქონების მყიდველი უცხოელებიდან უმეტესობა, 53%-ზე მეტი, რუსეთის მოქალაქეა? “ოცნებაში” აცხადებენ, რომ გაუგებარია რატომ არის აქცენტი მხოლოდ რუსეთზე, როცა საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს სხვა ქვეყანასაც. პოლიტოლოგების ნაწილის თქმით კი, რუსეთის განცხადებული სტრატეგიაა, რომ ჰიბრიდული ომის საშუალებით უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებში რუსული გავლენების ზრდა და ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. რუსი ტურისტების მოზვავებაც, რუსების მიერ უძრავი ქონების ყიდვაც და პრორუსული ნარატივების გაზრდა საზოგადოებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსი ტურისტები და ბიზნესმენები, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილი / ექმნება თუ არა პრობლემები საქართველოს უსაფრთხოებას რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის გატარებით.

“აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო საკითხებში და თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველო მალე რუსეთის ხელში აღმოჩნდეს არა სამხედრო აგრესიის, არამედ სხვა სცენარით - რუსი “ტურისტებისა” და რუსების მიერ უძრავი ქონების მასობრივად შეძენით. “საქართველოში მხოლოდ სამი დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობა ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით” (“ეფ-ეს-ბე”) და რუსი ბიზნესმენების მიერ ამდენი მიწის ყიდვით, მათ შესაძლოა ერთ დღეს გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ 20% კი არა, 100%-ია ოკუპირებული”, - წერს კარპენტერი. სტატისტიკის მიხედვით, წლიდან წლამდე რუსი ტურისტების რიცხვიც იზრდება და რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების ყიდვაზე დაინტერესებაც მაღალია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018-ში საქართველოში 8,7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ვიზიტორთა შორის პირველ სამეულშია აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი. აზერბაიჯანიდან შემოვიდა - 1 424 610 ადამიანი, რუსეთიდან - 1 404 757, სომხეთიდან - 1 268 886; 2017 წელს რუსეთიდან შემოსული იყო 1 125 057 ადამიანი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 24%-ითაა გაზრდილი. ასევე გამოქვეყნებულია 2019 წლის 5 თვის მონაცემები. სულ შემოსულია 2 988 478 ვიზიტორია და მათ შორის ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორია შემოსული რუსეთიდან - 539 432 ადამიანი. 2018 წლის ანალოგიურ პერიდოში საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა იყო 410 619 და წელს მაჩვენებელი 128 813 ათასითაა გაზრდილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება უძრავი ქონების ყიდვას. უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით, “ფორსეტმა” მოამზადა ინფოგრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ხუთი წლის განმავლობაში, 2012-2016 წლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის 34 024 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 53% რუსეთის მოქალაქეების სახელზეა რეგისტრირებული. თურქეთის, ირანისა და ერაყის მოქალაქეების სახელზე კი - ჯამურად 6%. არის თუ არა რუსი ტურისტები და ბინების მსურველი რუსები ქვეყნისთვის საფრთხე? პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, “ოცნების” დეპუტატი კობა კობალაძე ამბობს, რომ “საკმაოდ ბევრი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც შეძენილი აქვს საკუთრება ჩვენს სახელმწიფოში და ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ამით სახელმწიფოს ემუქრება რამე”, - განაგრძობს გამოცემა.

„მეორეც, პარლამენტში ახლა ძალიან კარგად არის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ოთარ დანელიას მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიწების არგასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე, არის სხვადასხვა რეგულაციებიც. გასაგებია, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გამოთქვამს გარკვეულ ვარაუდებს, მაგრამ მიდგომა, რომ უცხოელების მიერ საკუთრების შეძენით ქვეყანა სუვერენიტეტს კარგავს, აბსურდია, ჩემი აზრით”, - თვლის კობალაძე. მისივე თქმით, თუ საუბარია იმაზე, რომ რუსულ გავლენებს და საფრთხეებს გაზრდის რუსი ტურისტი და ბინების რუსი მყიდველი, იგივე რეცეპტით უნდა მივუდგეთ ჩვენი რეგიონის ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქესაც, რადგან სხვებსაც აქვთ ინტერესები და სხვებიც ყიდულობენ ბინებს. უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჰიბრიდულ ომს მრავალი კომბინირებული ელემენტები აქვს და ტურისტული ინტერვენციაც ამ ომის ერთ-ერთი სახეა”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთის მხრიდან მრავალმხრივი საფრთხე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ სახელმწიფო და იმიტომ ვაკეთებთ ქმედებებს, რომ ეს თემები იყოს ნაადრევ ეტაპზე პრევენციული... არ არის აქ გამოსაყოფი მარტო ერთი მიმართულება. ჩვენს რეგიონში რომ გადახედოთ, ნებისმიერი სახელმწიფოს გარკვეულწილად ინტერესთა საგანს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფო. როდესაც რაღაც ერთ მიმართულებაზე ვაკეთებთ ფოკუსირებას და მეორე მიმართულებას რაღაც შეღავათს ან ღიად ვტოვებთ, ეს გამართლებული არ არის... ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეს, თუ ის შემჩნეული არ არის ჩვენი ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში და არ აქვს ჩატარებული სს სამართლის დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, რა თქმა უნდა, მათ ვერ შევუზღუდავთ ვერც ტურისტული მიზნით სიარულს და ვერც უძრავი ქონების ყიდვას. საერთოდ, არ ვექვემდებარები ამ პანიკურ გაწყობებს. ნებისმიერი თემა არის საშიშროების გამომწვევი, თუ შესაბამისი პრევენცია არ მოვახდინეთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა კობალაძე.

“გარკვეულწილად ვეთანხმები კარპენტერის მოსაზრებას, რადგან არ ვიცით რუსი ტურისტების სახით სპეცსამსახურის რამდენი თანამშრომელი ჩამოდის. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ჰიტლერმა გამოიყენა ავსტრიის და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დროს. ეს გამოიყენა პუტინმა ყირიმშიც “მწვანე კაცუნების” სახით. ასე რომ, ამგვარი რამ ხდება და ჩვენი სპეცსამსახურების და სამხედრო დაზვერვის ამოცანაა, ეს პრობლემა როგორმე მოაგვარონ. არა მარტო მცოცავი ოკუპაცია, არა მარტო ჩვენი მოქალაქეების გატაცება კონფლიქტის ზონის ტერიტორიიდან, არამედ სწორედ ასეთი ტიპის შემოსევა სპეცსამსახურების ეგიდით მოქმედი თანამშრომლებისა ტურისტებისა თუ ბიზნესმენების სახით. რუსეთმა ეს მეთოდი გამოიყენა მონტენეგროში. მონტენეგრო იყო რუსული ტურიზმის ერთგვარი ჰაბი და მერე იქამდე მივიდა საქმე, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დაქირავებულმა გასამხედროებულმა ჯგუფებმა პარლამენტსაც შეუტიეს და მოინდომეს გადატრიალების მოწყობა 2016 წელს. ეს ყველაფერი დამაფიქრებელია და იმედია, ჩვენს სპეცსამსახურებს ეს პროცესი აყვანილი აქვს კონტროლქვეშ. ამის იმედს იძლევა გომელაურის მიერ პარლამენტში წარდგენილი მოხსენება. ბუნებრივია, დახურულ რეჟიმში კონკრეტული ფაქტებიც იყო წარმოჩენილი. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამ პროცესს აკონტროლებს და ხდება ჰიბრიდული აგენტების გამოვლენა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თბილისი პრაიდის” პირველი ღონისძიება უკვე გაიმართა - დრო და ადგილი გასაიდუმლოებული იყო

“თბილისი პრაიდი” ოფიციალურად 18 ივნისს უკვე დაიწყო და პირველი ღონისძიებაც ჩატარდა. ეს იყო თეატრალიზებული წარმოდგენა ლგბტ თემის და მათი პრობლემების შესახებ, სახელწოდებით “კავკასიური მეტამორფოზა”. ღონისძიების ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები ამბობენ, რომ კვირეულის განრიგში პროგრამული ცვლილებები არ აქვთ და ჩატარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის “ღირსების მარშიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თბილისი პრაიდის” პირველი ღონისძიება უკვე გაიმართა, დრო და ადგილი გასაიდუმლოებული იყო.

“ორგანიზატორებს, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი აქვთ, რომ შემდგომ ღონისძიებებზე, ოთხშაბათის სპექტაკლის მსგავსად, ინდივიდუალურად მოახდინონ დასწრების მსურველთა ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების დროისა და ადგილის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს. ამ ანტიჰომოფობიური კვირეულის მოწინააღმდეგეები გუშინ “თბილისი პრაიდის” ოფისთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სავარაუდოდ ეს იმ დროს მოხდა, რომდესაც კვირეულის პირველი ღონისძიება იმართებოდა და ოფისში არავინ იყო. ”თბილისი პრაიდის” პრესსამსახურის წარმომადგენელი გოჩა გაბიძე აცხადებს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ დაგეგმილმა ღონისძიებებმა მშვიდად ჩაიაროს. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს თავის გეგმებში არანაირი ცვლილებები არ შეუტანიათ. თუმცა, რისკების არსებობის გამო, ყველა ღონისძიება გასაიდუმლოებულია და კონკრეტული ადგილები მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება ცნობილი, ვისაც მათში მონაწილეობა სურს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენს გეგმებში კონკრეტულად არაფერი შეცვლილა. ჩვეულებრივად ყველა აქცია, რაც დაგეგმილი, გვქონდა ჩატარდება. თუმცა ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია და კონკრეტულად მხოლოდ იმ ადამიანებს ეცნობა, ვინც ამ აქციებზე უნდა დაესწროს. ეს იქნება სპექტაკლის სახით ჩატარებული აქციები, რომლის შესახებაც ინფორმაცია “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს ინდივიდუალურად, ყოველი აქციის წინ მიეწოდებათ. ისინი კი ამის შემდეგ გადაწყვეტენ, დაესწრონ თუ არა დაგეგმილ აქციებს. ასე კონკრეტული რიცხვები განსაზღვრული არ არის. შესაძლოა აქციები ყოველდღიურადაც გაიმართოს. კონკრეტულ რიცხვებს და ადგილმდებარეობას მონაწილეებს ეტაპობორივად მივაწვდით. ხოლო მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მედიით არ გასაჯაროვდება“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა გაბიძე.

“თბილისი პრაიდის” ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში გაიმართა. შეკრებილები ოფისში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, რომ “თბილისი პრაიდის” ოფისის დალუქვა მომხდარიყო. “ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ დაილუქოს სიბინძურის და დესტაბილიზაციის ბუდე. ჩვენ არავის არ ვუვარდებით სახლში. გვინდა ბავშვები იყვნენ დაცული მავნე ზეგავლენისგან და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ პროპაგანდა არ არის მავნე ზეგავლენა ბავშვებზე. სწორედ ამას ეწევიან ისინი. თუ პოლიცია 9 აპრილივით დაგვერევა, წიხლებით დაგვხოცავს, ტყვიას გვესვრის და მოგვკლავს ჰომოსექსუალიზმის გამო, მაშინ ხალხიც საკადრისად მოიქცევა”, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა. აქციის მონაწილეებმა ნინო რამიშვილის ქუჩა ერთსაათიანი აქციის შემდეგ დატოვეს და ვერის ბაღში გადაინაცვლეს, რის შემდეგაც დაიშალნენ. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მამა დავით ისაკაძემ მოუწოდა. მან ასევე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ კომუნიკაცია არ ჰქონდეთ მედიის წარმომადგენლებთან, რადგან, მისი თქმით, ჟურნალისტები საზოგადოებაში არსებულ ჯანსაღ პოზიციას არასწორად ავრცელებენ”, - დასძენს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ აქციაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქე ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლების მისამართი აგრესიულად იქცეოდა. საპატრიარქომ კი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აგრესიის შემცველ მოწოდებებს ემიჯნება. “ბოლო დროს ე.წ. ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. ამასთან მიმართებით, საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება”, - ნათქვამია საპატრიარქო თავის განცხადებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა