თინა ხიდაშელი - ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელსაც სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა, უკრაინის ელჩი იყო და არა საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი

ძალიან სამწუხარო მოვლენაა. არავითარი პრობლემა არ არსებობდა - არც თეორიული, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, რომ გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვათ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გაძღოლას. ხიდაშელის შეფასებით, გუშინ გამოჩნდა, რომ სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა მხოლოდ უკრაინის ელჩს აღმოაჩნდა.

„ძალიან სამწუხარო მოვლენაა. გუშინ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელსაც სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა, საქართველოში უკრაინის ელჩი იყო და არა საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. დიდი პატივისცემა უკრაინის ელჩს, მაგრამ ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. არავითარი პრობლემა არ არსებობდა, არც თეორიული, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, რომ გავრილოვი საქართველოში უბრალოდ არ შემოეშვათ. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მესაზღვრეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს უარი უთხრას საზღვრის გადაკვეთაზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილების პირობებში, ეს პრობლემა მარტივად მოგვარდებოდა, მაგრამ გუშინ ბატონმა ზაქარია ქუცნაშვილმა ყველას გვითხრა, რომ თურმე დიპლომატიური ქაჯობა იყო ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. ამით ყველაფერი ნათქვამია, რა პოზიციაზეა ჩვენი ხელისუფლება,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, გავრილოვის მიერ საქართველოში ჩამოსვლითა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გაძღოლით, შეექმნება თუ არა საქართველოს პრობლემები საერთაშორისო ფორუმებზე, ხიდაშელმა უპასუხა, რომ ამ ფაქტებს ქართველ დეპუტატებს წინ დაუდებენ და მარტივად გააჩუმებენ.

„სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მთავარი პრობლემა ჩვენ გვექნება ნებისმიერ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ფორუმზე. როგორც კი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ხმამაღლა დაიწყებენ საუბარს, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსი დეპუტატების შესახებ, მაშინვე, რა თქმა უნდა, ამ ფოტომასალას წინ დაუდებენ, წამოაძახებენ და ამითი მარტივად გააჩუმებენ. ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და წარმოუდგენელია. ახლა ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს წარმოვადგენდი და ხმალამოღებული ვიბრძოდი რუსებისთვის ხმის შეჩერებაზე, ასეთი ვითარება რომ მქონოდა ქვეყანაში, აი, წარმომიდგენია როგორი სასაცილო ვიქნებოდი. ძალიან უხერხული და მძიმე მომენტია. მე ნამდვილად ვწუხვარ ყველა იმ გულწრფელი დეპუტატის გამო, რომელიც ამის გამო ხვალ და ზეგ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება საერთაშორისო ფორუმებზე,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო