ირაკლი ოქრუაშვილი - არა მარტო აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციაა, დღეს თბილისიც და  ხელისუფლებაც ოკუპირებულია და ამ სცენარის განმახორციელებელი ივანიშვილია

დღეს იყო მარტივი გზავნილი ჩვენდამი, რომ პრობლემა არა მარტო აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციაა, არამედ თბილისიც და ხელისუფლებაც ოკუპირებულია და ამ სცენარის განმახორციელებელი, გარედან შემოგზავნილი ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მან მოუწოდა საზოგადოებას, 19:00 საათზე შეიკრიბონ პარლამენტის წინ აღნიშნა, რომ დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა შეცდომა კი არა, დანაშაულია.

„ამ ქვეყნის გულშემატკივარნო, ქართველებო და არაქართველებო, მოგმართავთ თითოეულს. თქვენი სიჩუმე, გულგრილობა, თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ქვეყანაში მოხდა, მეტად გაუხსნის ბიძინა ივანიშვილს ხელ-ფეხს და მისცემს საშუალებას, ჩაიდინოს ღალატი ამ ქვეყნის წინაშე. ყველას გთხოვთ, მობრძანდით პარლამენტთან. მივმართავ პოლიციელებსაც, რომ ნუ შეუშლით ხელს ყველა ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, რათა გამოხატონ აზრი და გააპროტესტონ ის, რაც ქვეყანაში ხდება. ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ორია, პირველი: ყველა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს მოთავე დღევანდელი აქციის, რაშიც ვგულისხმობ ვინმე გავრილოვის ვიზიტს, უნდა დატოვოს თანამდებობა. მეორეა, რომ ეს ყველაფერი არ დამთავრდება, ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებას არ მოშორდება", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ერთი სცენარის ნაწილია და აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

"ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო, რომ ეს იყო შეცდომა და ეტყობა, მას იურიდიული ტერმინოლოგიაში გარკვეული ცნობიერება არ გააჩნია, რადგან ამ შეცდომას ჰქვია დანაშაული და მეტი არაფერი. გავრილოვი საზღვარზე გამოატარეს ჩვენი სპეცსამსახურების ნებართვით და შემდეგ მთელი იმ რეგალიებით აქ მიიღეს. ეს არ იყო შეცდომა ან ტექნიკური პრობლემა. ბოლო დღეებში რაც ქვეყანაში ხდება, ეს ერთი მთლიანი სცენარის პატარა ნაწილია, რაც საქართველოს ჩაბარებაა რუსეთისთვის. არ ვიცოდით, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდაო, ეს თავის გამართლების ბავშვური გზაა. ჩვენი მოთხოვნაა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა. დღეს იყო უმარტივესი გზავნილი, რომ ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ არა მარტო აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციაა, არამედ დღეს თბილისიც და დღევანდელი ხელისუფლებაც ოკუპირებულია და ამ სცენარის განმახორციელებელი, გარედან შემოგზავნილი ბიძინა ივანიშვილია. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ და ამის მეთოდი არჩევნებია", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა