ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2019

რევოლუციის ზღვარზე

“გემიდან გაქცევას ცდილობენ და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ” - ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

***

რევოლუციის ზღვარზე

“პარლამენტის შენობაში შეღწევის რამდენიმე მცდელობა, დაპირისპირება სამართალდამცეველებთან, ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე დაშავებული. პლუს, განცხადებები ორივე მხრიდან: „ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებები იმაზე, რომ რაც პარლამენტის წინ ხდება, ეს არის ანტიკონსტიტუციური და შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ოპოზიციიის განცხადებები, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატების პარლამენტში მიმყვანი ხელისუფლება უნდა წავიდეს და სანამ გახარია, კობახიძე და გომელაური არ გადადგებიან, პროტესტი არ შეწყდება. სერგეი გავრილოვმა და რუსეთის დუმის სხვა დეპუტატებმა სასწრაფო წესით საქართველო დატოვეს, თუმცა თბილისში რუსთაველის გამზირზე რუსი დეპუტატების გამო დაწყებულმა საზოგადოების დიდმა საპროტესტო აქციამ დაძაბულობის პიკს გვიან ღამით მიაღწია, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადა და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებთან არაერთი დაპირისპირებაც მოხდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რევოლუციის ზღვარზე / პარლამენტში შეღწევის მცდელობები, დაპირისპირება სამართალდამცველებთან, ცრემლსადენი გაზი და დაშავებულები

"დაპირისპირებების გამო პარლამენტის შენობაში მივიდა შს მინისტრიც. „დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას, რაც ხდება ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი... „თავდასხმა პოლიციაზე, თავდასხმა პარლამენტზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით. ყველას ვთხოვ, პატივი ვცეთ პოლიციელს, რომ ღირსეულად შეასრულოს ფუნქცია",- განაცხადა გიორგი გახარიამ. გახარიმ ასევე თქვა, რომ „როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადადგება". მმართველი პარტიის გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „რაც პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი". ამ განცხადებებამდე კი იყო „ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებაც, რომ თუკი პარლამენტის სპიკერის სკამზე შეიძლება ჩასვან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, ხალხსაც აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში და ამას მოჰყვა მომიტინგეების რაღაც ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაში შესვლის რამდენიმე მცდელობაც, შეხლა-შემოხლაც პოლიციელებთან, გაზის გაშვებაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" პარლამენტის შენობის წინ 19 საათზე დაიწყო. მომიტინგეებმა გზები გადაკეტეს. ლიდერებმა სამი მოთხოვნა წამოაყენეს - გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. ხოლო თუკი ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ჯერ დაანონსდა, რომ პარლამენტის შენობას მშვიდობიანად დაიკავებენ. ასევე დაანონსდა, რომ 12 საათის შემდეგ „დაიწყებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, გადაკეტავენ გზებს, რკინიგზას". მთელი ამ ხმაურის ფონზე კი პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე პასუხისმგებელია თვითონ, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნა არასერიოზულია. ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ თუ ოპოზიცია რაიმე ისეთ განიზრახავს, რაც კანონს ჩარჩოებში არ ჯდება, მაშინვე მიიღებენ მყისიერ პასუხს. ეს დიდი აღშფოთება-პროტესტი მოჰყვა იმ ფაქტს, როცა ხუთშაბათს დილით საქართველოს პარლამენტში პრეზიდიუმის თავში და სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ადამიანი, რომელიც ცნობილია თავისი ანტიქართული განცხადებებით და რომელიც აფხაზეთში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ. წითელი ხაზი აღმოჩნდა ის, რომ გავრილოვმა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან და თან, რუსულ ენაზე წაიყვანა სესია საქართველოს პარლამენტში. პროტესტი ჯერ თავად პარლამენტის დარბაზში ოპოზიციამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" დაიწყო. სპიკერის სავარძელში ჩამჯდარი გავრილოვის ფოტოსა და ვიდეოს გავრცელების შემდეგ კი პარლამენტთან სამოქალაქო სექტორი და რიგითი ადამიანები მივიდნენ. ამის შემდეგ მოუწია „ოცნების" მთელ გუნდს, დაეგმო ფაქტი. მთავარი ბიძგი მათთვის პარტიის თავმჯდომარის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ „დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს", - განაგრძობს გამოცემა.

"ბიძინა ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ „ეს იყო პროტოკოლური შეცდომა", რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება". ივანიშვილის ამ დაგმობას მოჰყვა შემდეგ „ოცნების" ყველა ლიდერისა თუ რიგითი წევრის აღშფოთებული განცხადებები, რომ ფაქტი მათთვისაც მიუღებელია და რომ არ იცოდნენ, სერგეი გავრილოვი სპიკერის სავარძელში თუ ჩაჯდებოდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი იმაზეც ალაპარაკდა, რომ იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს სესია ამ ფორმით მოაწყო. თუმცა კონკრეტულად ვინ და როგორ უნდა დაისაჯოს, ეს მმართველ პარტიაში არავის უთქვამს. მხოლოდ თავად ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად თქვა, რომ თუკი ვინმეს პასუხისმგებლობაა აუცილებელ, მზადაა ეს თავის თავზე აიღოს, როგორც ქართული მართლმადიდებელი დეპუტატების დელეგაციის ხელმძღვანელმა და ამ სესიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ კი, ქუცნაშვილის უნდა წავიდეს პარლამენტიდან და ასევე სპიკერობიდან უნდა წავიდეს ირაკლი კობახიძე. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კობახიძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დააანონსა”,- დასძენს გამოცემა.

"ნაცმოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე ვეღარ იქნება და სასესიო დარბაზში ვეღარ შევა. კობახიძის იმპიჩმენტი მოითხოვა „ოცნებიდან" წამოსულმა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმაც. მან საქართველოს პარლამენტში ბანერი გამოფინა წარწერით: „კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი". კობახიძის გადაყენებაზე მოთხოვნები კიდევ უფრო ხმამაღალი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა დოკუმენტი, სადაც უშუალოდ კობახიძე აწერს ხელს პარლამენტში სესიის ჩატარების მომზადებასა და პრეზიდიუმის გათავისუფლებას ასამბლეის ხელმძღვანელებისთვის. ასამბლეის პრეზიდენტი კი ამჟამად სწორედ გავრილოვია. პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება" არც კობახიძეს და არც გახარიას თუ გომელაურს არ გაათავისუფლებს თანამდებობებიდან, იმიტომ რომ, ასეთი ნაბიჯი ხელისუფლების სისუსტედ იქნება აღქმული და ეს მმართველ პარტიას დააზარალებს. „ის, რაც მოხდა, ეს ხელისუფლების მხრიდან გაუაზრებელი ქმედება იყო და დაუჯერებელია ის, რომ მოულოდნელად აღმოჩნდა გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ეს , რა თქმა უნდა წინასწარ იცოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩათვალეს მნიშვნელოვან ფაქტორად და არც ელოდნენ ასეთ აღშფოთებას. ოპოზიციამ კი ხელისუფლების ეს არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი სწორად გამოიყენა”, - წერს გამოცემა.

"თავისთავად ის ფაქტი, რომ ამას მოჰყვა საზოგადოების მღელვარება, მათ შორის მმართველ პარტიაშიც რომ იძულებულები არიან ეძებონ "განტევების ვაცი", ეს პოზიტიური ნაბიჯია, რადგან პრორუსულად განწყობილმა ჯგუფებმა ქვეყნის შიგნით, ასევე თავად დელეგაციის წევრებმაც და მოსკოვმაც დაინახეს, როგორია პროტესტი რუსეთისადმი. ვინ იქნება ხელისუფლებისთვის განტევების ვაცი - ამის დაკონკრეტება გამიჭირდება. "როგორც ჩანს, ეს შეიძლება იყოს ზაქრო ქუცნაშვილი, როგორც ორგანიზატორი. შეიძლება პროტოკოლის შემდგენელთა მესამე ხარისხოვანი ბიურო დაისაჯოს. არ მგონია, პარლამენტის თავმჯდომარემდე ავიდეს ეს. გულწრფელად გითხრათ, არც ქუცნაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ველოდები. შს მინისტრი საერთოდ გამორიცხულია. შეიძლება ირაკლი კობახიძე „ოცნებაში" არ სარგებლობდეს დიდი სიყვარულით, მაგრამ მთავარი უმრავლესობა კი არა, ივანიშვილია. თუ ივანიშვილი ჩათვლის რომ კობახიძე უნდა წავიდეს სხვადასხვა რაღაცების გამო, ის, რა თქმა უნდა, წავა. ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ ერთი მერი დაეთმო ოპოზიციისთვის ამ არჩევნებში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კობახიძე გადააყენონ ოპოზიციის მოთხოვნის გამო. ეს „ოცნებისთვის მომგებიანი არ არის. ხელისუფლებას ერთი კვირა დარჩა ამ პროტესტის გასაჯანჯლებლად, შემდგომ პარასკევს საგაზაფხულო სესია მთავრდება და დამთავრდება ეს საკითხიც. ოპოზიცია კი კობახიძეს ვერ გადააყენებს, ამისთვის 76 ხმა სჭირდებათ და აქვთ ამდენი?"- აცხადებს ძაბირაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

“გემიდან გაქცევას ცდილობენ და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ” - ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

"რომელი პროტოკოლის უფროსი გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარის პირდაპირი სანქციის გარეშე მის სავარძელში ნებისმიერი ადამიანის ჩასმას, ეს ხომ ზღაპარია?! მინიმუმ სანქცია გაცემული იყო კობახიძის მიერ... ქუცნაშვილი საერთოდ ვინ არის, ვის დაკარგვია?! ქუცნაშვილი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას... "ყველაზე მძიმე საყურებელი ის არის, როგორ ცდილობენ გემიდან გაქცევას და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ ეს ყველაფერი, ოღონდ თვითონ არ დაბრალდეთ,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “გემიდან გაქცევას ცდილობენ და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ” - ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

"გია ხუხაშვილის თქმით, ეს არის კლასიკური ვირთხის საქციელი, როდესაც თავისი სიბრიყვის გამო რამე პრობლემას წააწყდება და გარბის. ასე არიან ესენიც, გარბიან და ცდილობენ ხელი სხვას შეახოცონ, მაგრამ ვის უნდა შეახოცონ ხელი?! ასეთ ტრაგიკომედიას ვუყურებთ დღეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეთქმულების თეორია განვავითარო და რაღაც ბნელი ზრახვები და გეგმები დავინახო. უბრალოდ მედროვეების დოღია. ამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით პოლიტიკა, არ ტკივათ ეს ქვეყანა, არც ოკუპაცია ტკივათ, არც ცხინვალი და არც აფხაზეთი ტკივათ, არ ესმით ამ ქვეყნის პრობლემები, არაფერი არ ესმით. მზად არიან მურუსიძე ჩაიხუტონ, ეშმაკსაც კი შეეკრან, ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ. საკუთარი ჭიის გახარების ამოცანა აქვთ მხოლოდ და თუ ამ ჭიას რამე პრობლემა შეექმნა, მერე იწყებენ ფართხალს, ცდილობენ თვითონ აირიდონ პასუხისმგებლობა და ვიღაცას შეახოცონ ხელი. ასეთი პოლიტიკური ელიტა გვყავს, რომელიც არ თვლის, რომ რამეზე პასუხისმგებელია. თვლიან, რომ მხოლოდ უფლებები აქვთ. მხოლოდ ჭამაზე არიან გადასულები“ , - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, „ოცნება" ძირითადად იმას გვეუბნება, რომ სპიკერის სავარძელში რომ ჩაჯდა გავრილოვი, ეს არ ვიცოდით და ეს არის მძიმე საყურებელიო. ამ ყველაფერში სავარძელში ჩაჯდომა - არ ჩაჯდომაა მთავარი, თუ საერთოდ პარლამენტში რუსი დეპუტატების პატივით მიღება? ხუხაშვილის თქმით, პრობლემაა სესიის ხელმძღვანელი რომ იყო რუსი დეპუტატი და პრობლემაა ის, საერთოდ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია როგორ აღმოჩნდა. კი, ბატონო, შეიძლება რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს საქართველოში, ვისაც „ოკუპაციის შესახებ" კანონი დარღვეული არ აქვს, მაგრამ პარლამენტის შენობა არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის სიმბოლო და იქ რუსული დელეგაციის შესვლა, ოკუპაციის ნაწილია. არ შეიძლება ეს სხვანაირად იყოს აღქმული. არ იციან, არა. არ ესმით. არ ტკივათ ოკუპაცია. არ აქვთ განცდილი ის პრობლემები, რაც არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. როდესაც გეუბნებიან, რომ თურმე მურუსიძე გმირია და შავგულიძე მტერი, ასეთ ადამიანებს რა უნდა მოკითხო?! მეტნაკლებად ჭკვიანი ადამიანი მიხვდებოდა, რა რეაქცია შეიძლება ამას გამოეწვია, მაგრამ არ იციან და რაც მთავარია, არ ესმით. არ ცოდნა და არც განცდა ერთი დიდი სიბრიყვეა და ამ სიბრიყვით მოუვიდათ. წინასწარ რომ სცოდნოდათ, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებდნენ. ყველაზე მძიმე საყურებელი ის არის, როგორ ცდილობენ გემიდან გაქცევას და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ ეს ყველაფერი, ოღონდ თვითონ არ დაბრალდეთ. მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ხელის შეხოცვის სურვილი, არის მისთვის ტესტი იმის, როგორ მოექცევა ეს ხალხი თვითონ ივანიშვილს, როგორც კი პრობლემა შეიქმნება. ყველაფერზე მას შეახოცავენ ხელს. დაიწყებენ ყვირილს, ყველაფერს ბიძინა გვავალებდა, თორემ ჩვენ ანგელოზები ვართო. ამ ხალხით უნდა ქვეყნის მართვა?!“, - განაგრძობს გამოცემა.

"ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილს იმის გამჭრიახობა ნამდვილად აქვს, რომ დაეთვალა, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა, ამ ბრიყვებისგან განსხვავებით. ამიტომ, არ მგონია, რომ ივანიშვილისგან ყოფილიყო სანქცირებული ამ თემის ამ ფორმით გადაწყვეტა, მაგრამ კი, მას ბრალდება. „ოცნების" წევრებიც კი მისკენ გაიშვერენ ხელს. ჯერ შეეცდებიან მეისრე ქვემოთ ნახონ, თუ ქვემოთ ვერ ნახეს, მერე ზემოთ გადაწვდებიან. იმიტომ რომ, თვითო არაფერს არ იღებენ პასუხისმგებლობას. რაც მთავარია, ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა ყველაფერი. ერთის მხრივ დაინახეს სახალხო პროტესტი და ამაზე შეშფოთდნენ და მერე იყო ივანიშვილის კომენტარი და მერე ჩადგნენ რიგში, როგორც ხდება ხოლმე. ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ პროტოკოლის დონეზე იყო შეცდომა დაშვებული, რაც სრული სისულელე და აბსურდია. რომელი პროტოკოლის უფროსი გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარის პირდაპირი სანქციის გარეშე მის სავარძელში ნებისმიერი ადამიანის ჩასმას. ეს ხომ ზღაპარია?! მინიმუმ სანქცია გაცემული იყო კობახიძის მიერ”, - დასძენს გამოცემა.

"რუსებზე ვლაპარაკობთ და ქუცნაშვილი ახლა მატროსოვობაზე ნუ დადებს თავს. ქუცნაშვილი საერთოდ ვინ არის, ვის დაკარგვია?! ქუცნაშვილი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიღაც ჩამჯდარიყო. ეს მისი კომპეტენცია არ არის. თუ პაროდიულ ვაჟკაცობაზე დებს თავს, ეს ძალიან ღიმილის მომგვრელია. ქუცნაშვილი წყნარად იყოს, ის არავის არ აინტერესებს. მე არც დავსვამდი ასე საკითხს - კობახიძე გადადგეს, იმპიჩმენტი მოვუწყოთ... ყველაფერი ყარს. კობახიძე იქნება თუ არ იქნება, ეს ვითარებას ვერ გადაარჩენს. სისტემა მთლიანად ყარს. ერთით მეტი, თუ ერთით ნაკლები ამ სიტუაციას ვერ შველის. შეიძლება იყოს რაღაც თემები, რითაც ზარალის მინიმიზაციას შეეცდებიან, მაგრამ სადამდე? ადრეც მითქვამს, რომ მაზოხისტური სენი აქვთ შეყრილი, ყველა მათი ქმედება ბუმერანგივით უბრუნდებათ, ყველაფერი თავში ხვდებათ და უკვე ამისგან სიამოვნებას იღებენ. სერიოზული მაზოხისტური მიდრეკილებები აქვთ. წინა ხელისუფლებას - სადისტური ჰქონდა, ამათ - მაზოხისტური აქვთ. ეს არის საქართველოს ისტორია - როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს