საია - ბოლომდე ნათელი არ არის პროპორციული საარჩევნო სისტემის რომელ მოდიფიკაციაზე საუბრობს მმართველი პარტია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა - პროპორციული წესი 0% - იანი ბარიერის პირობებში - ზრდის როგორც ფარდის უკან პარტიული გარიგებების, ისე გადაწყვეტილებების მიღების ტემპის შეჩერების ალბათობას.

ამავდროულად, საია-ში შემოთავაზებული სისტემის უპირატესობებზე საუბრობენ. მათ შორის, მათი შეფასებით, ბუნებრივი ბარიერი იძლევა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ორგანომ სარკისებურად, მაქსიმალური სიზუსტით ასახოს ის პოლიტიკური შეხედულებები, რაც საზოგადოებას აქვს.

„ინტერპრესნიუსი“ საია-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერით დაანონსა. დღევანდელ განცხადებაში ბოლომდე ნათელი არ არის პროპორციული საარჩევნო სისტემის რომელ მოდიფიკაციაზე საუბრობს მმართველი პარტია, მაგრამ ვინაიდან ყველაზე აქტუალური 150-ივე დეპუტატის ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევაა, საია ამ მოდელს შეაფასებს. ბუნებრივი ბარიერის პირობებში პარტიებისთვის პარლამენტში ერთი მანდატის მისაღებად საჭირო დაახლოებით 0.67%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ არ არსებობს უნაკლო საარჩევნო სისტემა და ზემოთ განხილულ ვერსიასაც გააჩნია სუსტი მხარეები. კერძოდ, ის ზრდის როგორც ფარდის უკან პარტიული გარიგებების, ისე გადაწყვეტილებების მიღების ტემპის შეჩერების ალბათობას.

თუმცა შემოთავაზებულ სისტემას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

1. ფაქტობრივად ყველა ამომრჩეველს ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, შედეგად „ჰაერში გაფანტული ხმების“ (ხმები, რომელთა ერთობლიობა არ არის საკმარისი ამ ხმების ადრესატი პარტიის მიერ ბარიერის გადასალახად) ოდენობა მინიმუმამდე მცირდება. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 19.2% დაიკარგა, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს ყოველ მე-5 ამომრჩეველს პოლიტიკაში წარმომადგენელი არ ჰყავს;

2. პარტიების მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა და მათ ელექტორალური მხარდაჭერა თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევა, როდესაც პარტიას მიღებული ხმების არაპროპორციული წარმომადგენლობა აქვს საკანონმდებლო ორგანოში. მაგ. 2016 წლის არჩევნებში მმართველმა გუნდმა ხმების 48.68% მიიღო, ხოლო მანდატების 76.7% ერგო;

3. ამგვარად ფორმირებული პარლამენტი მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ამომრჩევლის განწყობას. ბუნებრივი ბარიერი იძლევა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ორგანომ სარკისებურად, მაქსიმალური სიზუსტით ასახოს ის პოლიტიკური შეხედულებები, რაც საზოგადოებას აქვს.

ეს არგუმენტები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთისგან გამომდინარეობს, თუმცა, თავს იყრის მთავარ შედეგში: თითქმის არ რჩება საზოგადოების სეგმენტი, რომელიც მსჯელობის პროცესში არ არის ჩართული და რომლის პოზიციაც მაღალი ტრიბუნიდან არ ისმის. ეს კი ზრდის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და ხელს უწყობს სტაბილური პოლიტიკური პროცესების განვითარებას.

საია მოუწოდებს ხელისუფლებას ფართო დისკუსიის საფუძველზე ბოლომდე მიიყვანოს დაანონსებული ცვლილებები,“ - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა