კახა კალაძე - ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების

თუ შემცირდება ტურისტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკაზე და შემოსავლებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რუს ტურისტებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ და ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა.

"მე, როგორც დედაქალაქის მერი, ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ ვითარდებოდა ზოგადად ტურიზმი თბილისში. ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლა და განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს ტენდენცია მზარდი იყო. ამის პარალელურად მეტი სასტუმრო შენდებოდა, მეტი ჰოსტელები, მეტი კაფე-ბარები ჩნდებოდა. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა დასაქმების შესაძლებლობას და იყო მათი შემოსავლის წყარო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან ცუდი, სამწუხაროა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა და ამის დამადასტურებელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებია, რომელიც გვაქვს. ტურისტების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების. მათ არანაირი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არ შეექმნებათ, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოკუპაციას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩვენ ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ.

„განათლებული, ჭკვიანი ხალხი ვართ ქართველები და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ ჩვენ დავზიანდეთ, პირიქით. იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური წინსვლით უნდა ვებრძოლოთ. თუ შემცირდება ტურისტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკაზე და შემოსავლებზე. ასევე ვისმენთ, რომ შეიძლება შეფერხდეს ქართული პროდუქტების გატანა, ესეც ცუდია, თუმცა, ერთად უნდა დავდგეთ და ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის მოგვარება",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო