კახა კალაძე - თუ ვიცით, რომ კომპანია ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, ჯობს ტენდერი ჩაიშალოს

თუ ვიცით, რომ კომპანია ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, ჯობს ჩაიშალოს ტენდერი, ის დრო დაიკარგოს ახალი ტენდერის გამოცხადებაში, ვიდრე ასეთმა კომპანიებმა გვაწვალოს, აწვალოს ხალხი, ამან გამოიწვიოს დისკომფორტი, გაღიზიანება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხშირად არის, რომ კომპანიები ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს და მერიას ასეთი კომპანიების ჩახსნა უწევს.

„თქვენ იცით, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მწარმოებელი კომპანიაა, დათხოვნილი იქნა, რადგან ის ჯეროვნად ვერ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, ვერ ასრულებდა იმ სამუშაოებს, რაც იყო გაწერილი და რაც უნდა გაეკეთებინა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ასეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ვერ ასრულებენ სამუშაოებს. ამას მოჰყვება ძალიან დიდი ნეგატივი და გულისწყრომა საზოგადოების მხრიდან და ეს ზუსტადაც ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველა ჩვენ გვადანაშაულებს. მოსახლეობას არ აინტერესებს იქ კონტრაქტორის ბრალია და ვერ ასრულებს სამუშაოს, არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად მუშაობს, ამას მოსახლეობას ვერც აუხსნი, რადგან ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. მესმის, რომ რთულია, რადგან ტენდერის მეშვეობით ხდება კომპანიის შერჩევა და რთულია მოთხოვო ეს ყველაფერი, თუმცა, მუშაობის პროცესის დროს საჭიროა მეტი ყურადღება. ანალოგიური პრობლემა გვქონდა გლდანში, პარკის სამუშაოებზე, ვერ ასრულებდა კომპანია სამუშაოებს და ჩავხსენით. იგივე იყო ბუშის ქუჩაზე, კომპანია ვერ ასრულებდა სამუშაოებს, ეს ჩვენ გვაზიანებს. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო იმ კომპანიების მიმართ, რომლებზეც თავიდანვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, ჯობს ჩაიშალოს ტენდერი ის დრო დაიკარგოს ახალი ტენდერის გამოცხადებაში, ვიდრე ასეთმა კომპანიებმა გვაწვალოს, აწვალოს ხალხი, ამან გამოიწვიოს დისკომფორტი, გაღიზიანება, ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის საკითხს, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამუშაოები დაახლოებით სამ კვირაში დასრულდება.

„ახალი კონტრაქტორს, რომელიც მრგვალი ბაღის სამუშაოებს ასრულებს, სამ კვირაზე ცოტა ნაკლები დაჭირდება, რომ დაასრულოს სამუშაოები. ხდება ამ ბაღის განახლება, მოწესრიგება. ღობეზე, რომელიც გაკეთებულია ბაღის ირგვლივ, ერთმა ადამიანმა, რომელიც არ ვიცი ვინ არის, დააწერა, რომ წერეთელზე გადავიდა მრგვალი ბაღიო. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, როცა სამუშაოები დამთავრდება, შეიძლება მართლა ვერ ვიცნოთ ბაღი, ისეთი ლამაზი და მოწესრიგებული იქნება. მრგვალი ბაღი არსად არ გადადის. ის ვაკეშია და სამუშაოები უახლეს მომავალში დასრულდება. განახლდება შადრევანი და ყველაფერი, რასაც თქვენ თვითონაც ნახავთ“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო