მარიამ ჯაში ნიკა მელიას საკითხზე - ვპირდები საზოგადოებას, ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკური კუთვნილებით არ იქნება მიღებული

ვპირდები საზოგადოებას, ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკური კუთვნილებით არ იქნება მიღებული, - ასე უპასუხა “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვას პარალამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერებას უკავშირდება.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მყარი არგუმენტაციის საფუძველზე.

„ვპირდები საზოგადოებას, ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკური კუთვნილებით არ იქნება მიღებული. მე არ ვესწრებოდი კომიტეტის სხდომას, თუმცა პროცესებს ვაკვირდებოდი მედიით. გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანია პოზიცია არგუმენტებით იყოს გაჯერებული”, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა