პარლამენტმა  პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნულიდადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებდნენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლდა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო