თსუ-ს სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ტურის წევრებს „ბაზისბანკმა“ „ჰუალინგ თბილისი“ დაათვალიერებინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ტურის წევრებს კომპანია „ბაზისბანკმა“ „ჰუალინგ თბილისი“ დაათვალიერებინა, ერთ სივრცეში გაერთიანებული ინფრასტრუქტურა და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, „ბაზისბანკის“ წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს ბანკის ისტორიის, სამოქმედო გეგმის და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რაც სტუდენტებს კონკურსის ფინალური დავალების შესრულებაში დაეხმარება. ფინალისტების დავალება განათლების მხარდაჭერის მიმართულებით სასურველი თემის შერჩევას გულისხმობს, რომელზეც გრძელვადიანი კამპანია და აქტივობები დაიგეგმება.

„დღევანდელი შეხვედრა საინტერესო და სამოტივაციო აღმოჩნდა. კომპანიის ისტორიისა და ღირებულებების გაცნობა დაგვეხმარება ჩვენი პროექტის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს შეხვედრა იყო კარგი გამოცდილება, რომ მეტად დავიხარჯოთ პროექტის განხორციელებაში,“ - აღნიშნა კონკურსანტმა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მაგდა ლომიძემ.

„მისია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ამჯერად, კონკურსის პარტნიორია კომპანია „ბაზისბანკი”.

„დიდი სურვილი გვქონდა სტუდენტებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია „ბაზისბანკის“ ხასიათის, იმ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებსაც ჩვენ უკვე ათწლეულია ვაკეთებთ. იმედი მაქვს, სტუდენტებს ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გადავეცით. დიდი ინტერესით ველოდებით განხორციელებულ პროექტებს,“-განაცხადა „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ხადურმა.

სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“-ის მხარდამჭერია - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.

„მგონია, რომ ძალიან ნაყოფიერი იქნება ეს შეხვედრა და დაეხმარება სტუდენტებს ზუსტი აქცენტების გაკეთებაში, რათა სწორად წარმოაჩინონ კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობა. ეს ასევე ხელს შეუწყობს განათლების სფეროსა და ბიზნესის დაკავშირებას,“- განაცხადა „ჯეპრას“ პიარკონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა.

წელს კონკურსში 51 სტუდენტური გუნდიდან შიდა შესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა. 2019 წლის ფინალისტები, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ფინალურ ტურში პარტნიორი კომპანიის დავალებაზე მუშაობენ, არიან: „ინვენტა/INVENTA“ (თეიმურაზ გოჩიტაშვილი, ნენსი რობაქიძე, მაგდა ლომიძე); „კანუდოსი“ (მარიამ მოდებაძე, თამრიკო ნაჭყებია, გიორგი გაბიტაშვილი), „ფილოჟუ“ (მარიამ, ტურძილაძე, თამთა ფირანაშვილი, სალომე თალაკვაძე, ანნა კაცაძე, მარიამ რაქვიაშვილი); „100%“ (ანა მეგრელიშვილი, ელენა გულიაშვილი, მაია გაბელია); „Creative Thinkers“ (ქეთევან მდევაძე, ქრისტინე ბუთხუზი, ანი კაცაძე).

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს: I ადგილი - 2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი. წელს კონკურსს კიდევ ერთი პრიზი - ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია დაემატა, რომელიც კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე 7 წელია ახორციელებს სტუდენტურ პროექტს „მისია“, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას გახდნენ პარტნიორი კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერი, შეიძინონ პროექტის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ახალი ცოდნა ექსპერტებისგან. გარდა ამისა, გამარჯვებულ გუნდს საშუალება ეძლევა საკუთარი პროექტი განახორციელონ პარტნიორ კომპანიასთან ერთად.