პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორის განცხადებით, მოთხოვნების რედაქტირებას არ აპირებენ

არ ვაპირებთ არც მოთხოვნების რედაქტირებას, არც ზედმეტი რაღაცების მოთხოვნას, აქ ვიდგებით, სანამ არ დაკმაყოფილდება სამივე მოთხოვნა და მათი დაკმაყოფილების მერე წავალთ სახლში, - ამის შესახებ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ვდგავართ ძალიან კონსტიტუციურ, სწორ, მშვიდობიან, სამოქალაქო, ცივილიზებულ გზაზე. ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, რადგან ახლა მათი ერთადერთი არგუმენტია ის, რომ ახალგაზრდებს დავთხარეთ თვალები, რადგან ისინი არ არიან მშვიდობიანები, საფრთხეს წარმოადგენდნენო. საფრთხე არ ვართ ჩვენ, საფრთხე არის ჩვენი მთავრობა, რომელიც დათვის ტყვიებით ნადირობს მშვიდობიან მანიფესტანტებზე. ექსცესები არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არ იქნება ექსცესები. გუშინ ცოტა რთული დღე იყო, იყო მცდელობები პროვოცირების, ალკოჰოლი და რაღაცები დაარიგეს ხალხში, მერე ბოთლები ისროლეს, მერე ვიღაცები მოაგზავნეს, ერთ-ერთი ჩვენი გამომსვლელი დააპატიმრეს. ჩვენ არ ვართ დამანგრეველი ძალა. ჩვენ მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოება ვართ მშვიდობიანი სამოქალაქო მოთხოვნებით, ვიბრძვით დემოკრატიისთვის. პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძოდით და ახლა ბოლო მოთხოვნები გვაქვს, ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. სანამ ყველას არ გამოუშვებენ, ამ მოთხოვნასაც დაკმაყოფილებულად არ ჩავთვლით, რადგან ჩვენ მივეცით სიტყვა ჩვენს დაბრმავებულ თანამოქალაქეებს და ამ სიტყვას შევასრულებთ", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მოთხოვნები როცა შესრულდება, აქციები შეწყდება, თუმცა მოლაპარაკებები არ განიხილება.

"ჩვენი მეგობრების გარდა ჩვენ გვერდით მთელი პროგრესული სამყარო დგას. ჩვენ გამოცდილება არ გვქონდა, როცა დავიწყეთ აქციები, ვსწავლობთ და როგორც ჩანს, სწრაფად ვსწავლობთ და როგორც ჩანს, ჩვენს აქ დგომას დიდი ეფექტი აქვს. აქ ვიდგებით, სანამ არ დაკმაყოფილდება ყველა, სამივე მოთხოვნა და მათი დაკმაყოფილების მერე წავალთ სახლში. არ ვაპირებთ არც მოთხოვნების რედაქტირებას, არც ზედმეტი რაღაცების მოთხოვნას, რაც აქამდე არ მოგვითხოვია. არ იქნება არანაირი მოლაპარაკება. არავის არაფერზე არ ველაპარაკებით და მოლაპარაკება არც არის საჭირო, მოთხოვნების შესრულების მერე დავიშლებით და მერე არჩევნებზე გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

მანვე პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა, რომ მათ დაურეკონ მეგობრებს, ახლობლებს, რათა ისინი აქციას შეუერთდნენ.

აქციის მთავარი მოთხოვნა ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ესენია: ყველა დაკავებულის გამოშვება და იმ სამართალდამცავების პასუხისმგებლობა, ვინც 20-21 ივნისის ღამეს უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა