კახეთში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე, შემოსულია 1200-ზე მეტი შეტყობინება; ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ხარატიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ წარმომადგენლებთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ სულიკო გეზელიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახი დაათვალიერა. სოფელ ჭიკაანის მკვიდრს, სულიკო გეზელიშვილს სეტყვის შედეგად გაუნადგურდა მოსავლის 50%.

მათივე ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 12,000 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 2 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 1,275 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

სამინისტროს ცნობით, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

„2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 11,173 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 5,898 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,554,318 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 11,520 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში 104,865,702 ლარია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: კახეთში აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო