ტექნიკური უნივერსიტეტის სერტიფიცირების ცენტრი გაზის სექტორისთვის კვალიფიციურ პერსონალს მოამზადებს

„დღეს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ სერტიფიცირების ცენტრი, სადაც გაზის მეურნეობისა და გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მომზადდება კვალიფიციური პერსონალი. საფრთხე, რომ ჩვენს ოჯახებში გაზის დანადგარების მონტაჟს არაკვალიფიციური პერსონალი გააკეთებს, ამით მოიხსნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, ამავე უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე, აკადემიური პერსონალი, და საქართველოში მოქმედი გაზგამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის საგანი ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის მომზადების, გადამზადებისა და სერტიფიცირების შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადებული შეთავაზება იყო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რამდენიმე თვეა აქტიური მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინებ, ხოლო მეორე მიმართულება, მინისტრის თქმით, გაზის სფეროში ცოდნის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფაა.

„იმის გამო, რომ უსაფრთხოების გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სტანდარტები გაზის სფეროში ყოველთვის არ არის დაცული კერძო კომპანიისა თუ მომხმარებლის მხრიდან, ამასთან, გვაქვს სამწუხარო სტატისტიკა, ეს უკვე დიდი პრობლემა გახდა. გაზიფიცირების არეალი იზრდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება, ჩვენ გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამა გვაქვს, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა მალე იქნება გაზით უზრუნველყოფილი. ამის პარალელურად იზრდება პასუხისმგებლობა, რომ გაზმომარაგება იყოს უსაფრთხო. შესაბამისად, უფრო მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება. რასაკვირველია, ამ საქმეში მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის როლი. ეს კარგი შესაძლებლობაა მთავრობისთვისაც და ჩვენი მომხმარებლისთვისაც, გამოვიყენოთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოტენციალი. ინიციატივა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმაც აიტაცეს, რადგან თვითონაც გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას. ამგვარად ჩამოყალიბდა ეს ერთობლივი ინიციატივა. სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი აკრედიტაციის ცენტრი აქტიურად მუშაობდა ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტთან. დღეს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ სერტიფიცირების ცენტრი. ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე შექმნილ ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის საექსპერტო ცენტრს უკვე მიენიჭა აკრედიტაცია. აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძლიერი სერტიფიცირების ცენტრი იარსებებს, სადაც გაზგამანაწილებელი კომპანიების პერსონალი მომზადდებას გაივლის და დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მიიღებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რექტორის არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სერტიფიცირების ცენტრის გახსნა, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული და გამოყენებით კვლევებზე დაფუძნებული უნივერსიტეტი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

„კარგად აღჭურვილი ცენტრი გაიხსნა და იმედი გვაქვს, ამით ბევრი პრობლემა გადაიჭრება. ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ტექნიკურ უნივერსიტეტს მოვიაზრებთ, როგორც ეკონომიკის, კერძოდ კი ცოდნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობა. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების, მკვლევრებისა და დოქტორანტების ნოუჰაუზე დაფუძნებული, ჩვენს უნივერსიტეტში დამზადებული ლაბორატორიული ნიმუშების, პროდუქტის, ხელსაწყო-დანადგარებისა და მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოფენას. მათ უდიდეს ნაწილს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ექსპოზიცია ტექნიკური უნივერსიტეტის ქარხანაში მოეწყობა და ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას, თუ რა შესაძლებლობები აქვს რეალურად ტექნიკურ უნივერსიტეტს ცოდნის ეკონომიკის კუთხით, თუ რა სარგებელი შეუძლია მისცეს ქვეყნის ეკონომიკას. მხოლოდ ვსაუბრობთ ერთ რამეზე: არა „ვიღაცას“ გადავცეთ, როგორც ეს ადრე გავაკეთეთ რამდენჯერმე - არაერთხელ გადაეცა სხვადასხვა კომპანიას ტექნიკური უნივერსიტეტის ნოუჰაუ და არც ერთმა მათგანმა არ გამოიყენა, „დააძინეს“. ჩვენი სურვილია ჩვენი ნოუჰაუ მომხმარებლამდე მივიტანოთ და სწორედ ეს იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი ცოდნის ეკონომიკაში. უნივერსიტეტს ამაში სამინისტროს მხარდაჭერა დასჭირდება“, - განაცხადა აჩილ ფრანგიშვილმა.

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის, გია არაბიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ახლადშექმნილ სერტიფიცირების ცენტრში გაზის სექტორში მომუშავე კომპანიების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება და სერტიფიცირება დაიწყება.

„ორ-სამ კვირაში დავიწყებთ გაზის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლების მომზადება-გადამზადება-სერტიფიცირებას. აბსოლუტურად ყველაფერი მზადაა: შედგენილია სასწავლო გეგმები და საგამოცდო ტესტები. თითოეული პოზიციისთვის განსაზღვრულია ტესტების რაოდენობა და შინაარსი. ტესტების ჩაბარების შემთხვევაში, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ცენტრის ყოველ კურსდამთავრებულს ეცოდინება თავისი შეფასება, თავისი დონე და ისიც, თუ რა თანამდებობის დაკავება შეეძლება. ანალოგიური სასწავლო პროგრამა კომპანია „თელასისთვისაც“ მზადდება“, - აღნიშნა გია არაბიძემ.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და დოქტორანტების ნოუჰაუს მიხედვით შექმნილი მაღალტექნოლოგიური გაზის ხელსაწყო-დანადგარების ნიმუშები, მათ შორის, გაზის დეტექტორი. გონიერი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპსა და მექანიზმზე გამოგონების ავტორებმა ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულ, მონაწილეებმა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ახლადგახსნილი „საექსპერტო ლაბორატორია“ დაათვალიერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო