ვახტანგ ბუცხრიკიძე - მოლოდინი გვაქვს, რომ 2019 წელს ტურიზმის ჯამური ზრდა პოზიტიური იქნება, დაახლოებით 5 %-ის ფარგლებში

მოლოდინი გვაქვს, რომ 2019 წელს ტურიზმის ჯამური ზრდა პოზიტიური იქნება, დაახლოებით 5 %-ის ფარგლებში, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბანკების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საუბარი რუსეთის მხრიდან ტურისტებთან მიმართებით არსებულ გამოწვევასაც შეეხო.

"ბანკების წარმომადგენლებს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ ეკონომიკის მინისტრთან. საუბარი იყო იმ ზეგავლენაზე, რაც რუს ტურისტებთან დაკავშირებითაა. "თიბისი ბანკმა" გააკეთა თავისი პროგნოზები, დაახლოებით რა შეიძლება იყოს ზეგავლენა და როგორ შეიძლება იყოს შემცირება. როდესაც გავცვალეთ აზრები, არ არის დიდი სხვაობა "თიბისი ბანკისა" და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებულ პროგნოზებს შორის. ვფიქრობთ, რომ 2019 წლის განმავლობაში ტურიზმის ჯამური ზრდა შემცირებული იქნება. ამასთანავე, მოლოდინი გვაქვს, რომ ჯამური ზრდა მაინც პოზიტიური იქნება და ეს იქნება 5 %-ის ფარგლებში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, მათ უნდათ, რომ მარკეტინგული აქტივობა გაზარდონ როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებზე. შესაბამისად, სურთ, კომპენსირება გააკეთონ სხვადასხვა აქტიურობით, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდონ ტურისტები", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ბანკების მხრიდან ეკონომიკის სამინისტროს მისამართით დაისვა საკითხი, რა ინიციატივა შეიძლება განხორციელდეს ამ მიმართულებით.

"იცით, რომ ეკონომიკის სამინისტროში არსებობს საგარანტიო თანხა. ამ გამოწვევასთან დაკავშირებით ბანკების ინიციატივა იყო, რამდენად შესაძლებელია ეს საგარანტიო თანხა გაიზარდოს, თუ შეიძლება, რომ მთლიანად მიმართული იყოს ტურიზმთან დაკავშირებით. ამაზე ეკონომიკის მინისტრი იყო საკმაოდ ღია და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მოხდეს ამ თანხის ათვისება, რომელიც დაახლოებით 20 მილიონის ფარგლებშია. ასევე, გამოითქვა მზაობა, რომ შეიძლება მომავალში ეს თანხა გაიზარდოს", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა