გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა პროგრამის ხელმძღვანელს, ლოუ ფაოროს მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნია.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი) ხელშეწყობის საკითხებს.
პროგრამის ხელმძღვანელის, ლოუ ფაოროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია საქართველოში ახალი პროექტის დაწყებით, რადგან ქვეყანაში სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„მნიშვნელოვანია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ტექნიკური ცოდნის შეძენისა და გაღრმავების თვალსაზრისით, სარგებელს 150 ათას ბენეფიციარს მოუტანს. მიზნობრივ ტექნიკურ დახმარებას კი, 500 მცირე და საშუალო ზომის საწარმო, კოოპერატივი, მომსახურების/კონსულტაციის მიმწოდებელი და ასოციაცია მიიღებს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას USAID-ის ექსპერტები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.