დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტურისტულ სექტორში არსებულ ვითარებას გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებულ ვითარებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას. ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისათვის სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს.

„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდან ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მიადგეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ყველა ტურისტისთვის უსაფრთხო ქვეყანაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.