ვერავინ დამაბრალებს, რომ რამე სახით თანავუგრძნობ გავრილოვს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა - არაფერში წერია, არ არის ეგ ჯანმრთელი ამბავი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით მაჭავარიანი გამოეხმაურა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის სესიის სერგეი გავრილოვის მიერ წაყვანას და მის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომას. მისი თქმით, სტუმართან ასე მოქცევა „არაფერში წერია“.
„20 ივნისს რამდენიმე წუთში შეწყდა პარლამენტში ის სხდომა. ის კაცი აქედან გაფრინდა. ვერავინ დამაბრალებს, რომ რამე სახით თანავუგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა - არაფერში წერია. არ არის ეგ ჯანმრთელი ამბავი. არ წერია ეგ ამბავი, რომ სტუმარს ასე მოექცე. მე ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე, ჩვენი პრინციპები და ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეულად უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.