ზურაბ აბაშიძე -  ვესაუბრე გრიგორი კარასინს და ორივე მხარე განწყობილია, რომ  შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რაც მიღწეულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მას დღეს კომუნიკაცია ჰქონდა გრიგორი კარასინთან.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ორივე მხარე განწყობილია, რომ შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რაც ბოლო წლების მანძილზე იყო მიღწეული სავაჭრიო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობების თვალსაზრისით.

ამასთან, აბაშიძის თქმით, მან გრიგორი კარასინთან ენგურის ჩაკეტვის ფაქტზე პოზიციაც დააფიქსირა.

„ჩვენ დღეს გვქონდა კომუნიკაცია გრიგორი კარასინთან. ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე. ზოგადად, აღინიშნა, რომ როგორც ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რაც ბოლო წლების მანძილზე იყო მიღწეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობების თვალსაზრისით და ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს უამრავი ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ჩემი ინიციატივით ენგურზე გადასასვლელის დახურვაზე. აღვნიშნე, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და გავაცანი განცხადებების შინაარსი, რომელიც დღეს გაკეთდა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები