მამუკა მდინარაძე - განსხვავებული აზრის გამო, გუნდის წევრებს არ ვსჯით - ეს არ არის საბავშვო ბაღი ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, მეორედ ასე აღარ მოიქცე

განსხვავებული აზრის და თუნდაც ნეიტრალური, სხვანაირი პოზიციის გამო, ჩვენ გუნდის წევრებს არ ვსჯით და სანქციებს არ ვამოქმედებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ საკითხზე, რომ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ზოგადად ისაუბრეს.

„ჩვენ ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებით. იყო ძალიან ზოგადი საუბარი, რაიმე სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ეს მოლოდინი იყო დღეს მედიაში, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით იმიტომ, რომ განსხვავებული აზრისა და თუნდაც ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო, ჩვენ ასე გუნდის წევრებს არ ვსჯით და სანქციებს არ ვამოქმედებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, საყვედური ხომ არ იყო დაფისქირებული აღნიშნული ოთხი დეპუტატის მიმართ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ასე არ ხდება.

„ეს არ არის საბავშვო ბაღი ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, მეორედ ასე აღარ მოიქცე“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი მმართველი პარტიის 91 დეპუტატმა დაუჭირა, 4-მა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს დეპუტატები არიან: ალექსანდრე ერქვანია, მარიამ ჯაში, რომან კაკულია და ბიძინა გეგიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო