მამუკა მდინარაძე -  სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული კოლეგების მიმართ, თუმცა ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა

რაიმე სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული კოლეგების მიმართ, თუმცა ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში აფიქსირებენ ხოლმე გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრთა გადაწყვეტილებას, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს. მისი თქმით, განსხვავებული აზრის გამო გუნდის წევრებს არ სჯიან და სანქციებს არ უწესებენ. მისივე ინფორმაციით, ასეთი პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილსაც და გუნდის სხვა წევრებსაც.

„ჩვენ ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებითაც. ძალიან ზოგადი საუბარი იყო და რაიმე სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ეს მოლოდინი იყო მედიაში, მაგრამ არ გამართლდა. განსხვავებული აზრისა და ნეიტრალური პოზიციის გამო, გუნდის წევრებს ჩვენ ასე არ ვსჯით და რაღაც სანქციებს არ ვამოქმედებთ.

ძალიან ზოგადი საუბარი იყო იმასთან დაკავშრიებით, თუ რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას, თუნდაც ნეიტრალური ფორმით და არა წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით, აფიქსირებს ჩვენი გუნდის წევრი. ამავდროულად, რაიმე სანქციაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეს არ არის საბავშვო ბაღი, რომ ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცეს.

ეს პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო. არც გუნდის წევრები არ იყვნენ ამის წინააღმდეგი, თუმცა ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში აფიქსირებენ ხოლმე გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა