თინათინ ზოიძე -   კერძო სექტორთან ერთად განვახორციელებთ პროექტებს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რუსეთიდან ფრენების გაუქმებით გამოწვეულ ზეგავლენას

აჭარაში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. ზღვისპირა რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენებასთან ერთად, მთაში სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებზე შეუძლიათ მოგზაურობა. საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. მსგავსი მასშტაბური ფესტივალი ქობულეთშიც იგეგმება. რა სიახლეები ელოდება აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს და რას სთავაზობს ზღვისპირა რეგიონი მათ, ამ საკითხებზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს თინათინ ზოიძეს ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ იქიდან, თუ რას სთავაზობთ ზღვისპირა კურორტზე ჩამოსულ ტურისტს?

- წელს აჭარა ბევრი სიახლით შეხვდა საზღვაო ტურისტულ სეზონს. შესაბამისად, რეგიონში სტუმრებსაც მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით ვხვდებით, როგორც მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის, ფრენებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მიმართულებით. თუმცა მთავარი სიახლე წელს ბათუმის ჯილდო , რომელიც ჩვენმა ქალაქმა, როგორც ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო. ბუნებრივია, ეს ბათუმის ცნობადობას გაზრდის, ჩვენთვის კი დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა.

რაც შეეხება უკვე მიმდინარე ტურისტულ სეზონს, რეგიონში ტურისტების სიმრავლეა, როგორც ტრადიციული, ასევე ახალი სამიზნე ქვეყნებიდან. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებს, რუსეთის მხრიდან ტურისტულ ემბარგოს ვგულისხმობ, ექნება გავლენა აჭარაში ვიზიტორების რაოდენობასა და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებზე. ამიტომ წელს განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს რეგიონს შიდა ტურისტების მხარდაჭერა და გააქტიურება. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ტურისტული ბაზრების გაფართოების, მეტი ტურისტული ჯგუფების მოზიდვის კუთხით, გავაძლიერებთ პიარ და სარეკლამო კამპანიებს სამიზნე ქვეყნებში და განვახორცილებთ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად, რომელიც შეარბილებს და მინიმუმადე დაიყვანს რუსეთიდან ფრენების გაუქმებით გამოწვეულ ზეგავლენას სექტორზე.

- უფრო რომ დავაკონკრეტოთ, რატომ უნდა ესტუმრნონ, როგორც ქართველი ასევე, უცხოელი ტურისტები წელს აჭარას?

- ჩვენი რეგიონის მთავარი ხიბლი ისაა, რომ აქ ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმარს, პარალელურად შეუძლია ულამაზეს მთიან აჭარაში იმოგზაუროს, სადაც ჯამში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ტურისტული მარშრუტია მარკირებული. ეს იქნება სათავგადასავლო, კულტურული, ღვინის, საფეხმავლო თუ ისტორიული მარშრუტი. რაც შეეხება კონკრეტულად ბათუმს, საზღვაო სეზონს განახლებული, ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურით შეხვდა ბათუმის ბულვარი, სადაც წელს პირველად ზღვაში ბანაობა სპეციალური ტივტივების მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეეძლებათ. ახალი ტურისტული ატრაქციონი „თოკების პარკი“ და ზიპლაინი გაიხსნა მტირალას ეროვნულ პარკში, რომელიც რეგიონის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინფრასტრუქტურა და სერვისები განახლდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმშიც. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ წელს კერძო სექტორს აქვს ძალიან ბევრი ახალი სერვისი და ტურისტული პროქტები, რომელსაც სთავაზობენ ტურისტებს.

- როგორც თქვენ ახსენეთ, მთიან აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტია მარკირებული. როგორი ტიპის მოგზაურებისთვისაა ისინი გათვლილი და რა კატეგორიის ტურისტული მარშრუტებია?

- მთიან აჭარაში ყველა კატეგორიის ტურისტს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულება. ხელვაჩაურში გვაქვს მაჭახელას თოფის გზა, რომელიც არის კულტურული მარშრუტი. მე-18-ე საუკუნეში მაჭახელაში კაშ-ჩახმახიანი თოფები და ხანჯლები იწარმოებოდა, რითაც მაჭახლის ხეობა ცნობილი იყო. მაჭახელაში ჩასულ ტურისტებს თოფის მწარმოებელი ადამიანების შთამომავლებისგან შეუძლიათ მოისმინონ ისტორიები, თუ როგორ ხდებოდა იმ პერიოდში თოფების წარმოება. ასევე, უნიკალური მუზეუმია, რომელიც ძველი მეჩეთის შენობაშია განთავსებული, აქვეა წარმოდგენილი ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საპიკნიკე, საველოსიპედე მარშრუტი - მირვეთის მიმართულებით, რომელსაც ბევრი სტუმარი სტუმრობს. ასევე სარფი კვარიათის ლოკაცია, რომელიც ულამაზესი პანორამული ხედებით გამოირჩევა.

ქობულეთის მუნიციპალუტეტში ყოფნის დროს ტურისტმა ზღავზე დასვენებასთან ერთად აუცილებლად უნდა მოინახულოს ქობულეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მტირალას და კინტრიშის ეროვნული პარკები და გაისერნოს ისპანის ტორფნარზე თხილამურებით. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი ქობულეთის ერთ-ერთი უნიკალური და პოპულარული ტურისტული პროდუქტია. აჭარის რეგიონი, ქობულეთი, ერთ-ერთ ყველაზე ფართო დერეფანს წარმოადგენს და მსოფლიოში მესამე ადგილზეა გადამფრენი ფრინველების მიგრირების რიცხოვნობით. მხოლოდ საშემოდგომო მიგრირების დროს, აქ ორ მილიონზე მეტი, 25 სახეობის მტაცებელი ფრინველი ფიქსირდება. სოფელ სახალვაშოში ახალი პრატფორმა გაკეთდა, რომელსაც საშუალება ექნება, უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლოს. ფრინველებზე დაკვირვების საშემოდგომო სეზონი 16 აგვისტოდან იწყება 16 ოქტომბერს სრულდება.

ქედა ღვინის ტურიზმითა და ფოლკლორით არის გამორჩეული. ქედაში გვაქვს ღვინის გზა, რომელშიც სოფელი გეგელიძეები, ვაიო, დანდალო და პირველი მაისი შედის, წელს სოფელი კორომხეთიც დავამატეთ. გამორჩეულია მერისის მარშრუტი, რომელშიც ზენდიდის ციხეც შედის. მერისი ერთ-ერთი სოფელია, რომელმაც ფოლკლორი სწორად და გამოირჩეულ ტურისტულ პროდუქტად აქცია. ამ სოფელში სტუმრები სპეციალურად ჩამოდიან, თვეობით რჩებიან რათა ქართული ფოლკლორი ისწავლონ. ქედაში გობრონეთი- ლატევრის მთის მარშრუტი საინტერესო მიმართულებაა სოფლის და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.

წელს შუახევში ძალიან მასშტაბური პროექტები გვექნება. აქამდე შუახევი, მხოლოდ ტურისტული ტრანზიტული მუნიციპალიტეტი იყო, თუმცა ახლა ჭვანის ხეობის განვითარებაზე ვმუშაობთ. ასევე წელს ჩირუხის მთის განვითარების კონცეფციაზე დავიწყეთ მუშაობა. ამ ეტაპზე შუახევში ნიგაზეული მიმართულება გვაქვს მარკირებული და სოფელში მოგზაურობის მოყვარულთათვის საინტერესო მიმართულებაა. შუახევის მუნიციპალიტეტიდან გვექნება ალპური სათავგადასავლო მარშუტები ხიხანის ციხემდე და გოდერძის უღელტეხილამდე, რომლის პრეზენტაციასაც მალე გავაკეთებთ. უკვე წელს შეძლებენ გიდები და ტურისტული სააგენტოები ჩირუხის ალპური მარშრუტი შესთავაზონ თავიანთ ტურისტებს.

ხულოს მუნიციპალიტეტში გვაქვს მარშრუტები: გოდერძის, მწვანე ტბის, ბეშუმის,გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის, სხალთა და ხიხანის მიმართულებით. ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო ბილიკი ახალი მარშრუტია, რომელსაც უკვე წელს შესთავაზებენ სააგენტოები ტურისტებს. წელს ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ხულოს მიმდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის შესწავლის კუთხით. ვმუშაობთ ბილიკების მარკირების პროექტებზე, რომელიც ხულოს ცენტრში მყოფ ტურისტებს მისცემს მიზეზს უფრო დიდხანს გაჩერდნენ ხულოში, იგულისხმება, მოკლე 2 და 3 საათიანი მარშრუტების შემუშავება.

- ფესტივალებთან დაკავშირებით, რა იგეგმება წელს აჭარაში?

- ფესტივალები ერთ-ერთი კომპონენტია, იმ ტურისტული ობიექტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, რაც რეგიონში გვაქვს. ჩვენი ყველა ფესტივალი ტურისტულ პროდუქტებს არის მორგებული. უკვე გვქონდა ზაფხულის ფესტივალის გახსნა, რომლითაც მთლიანად ბათუმის პოპულარიზაცია მოვახდინეთ. 13 ივლისს, უკვე ქობულეთში ვგეგმავთ ზაფხულის ფესტივალს. გარდა ამისა, რეგიონი ტრადიციულად უმასპინძლებს შავი ზღვის ჯაზფესტივალს, საერთაშორისო მუსიკის ფესტივალს, მეგა ვარსკვლავების კონცერტებს ბლექ სი არენაზე და სხვა კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს. სექტემბერში უკვე ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ველოდებით ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ოქტომბერში გვექნება სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, ზამთარში კი ფესტივალები კურორტ გოდერძზე და გომარდულში.

- რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით, რა მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს ტურიზმის დეპარტამენტი?

- ტურიზმის დეპარტამენტი ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ძალიან მნიშველოვანია, რომ ჩვენი ტურისტული ბაზარი დამოკიდებული არ იყოს ერთ, ორ ან სამ სეგმენტზე. ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ. ახლახანს ჩამოფრინდა ტალინიდან ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა და ვილნიუსიდან ველოდებით ტურისტებს. წელს ბაქოს მიმართულებითაც დაემატა ფრენები. 2018 წელს 35 ქალაქში გვქონდა ბათუმის შესახებ სარეკლამო აქტივობები და წელსაც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია პრეს და ინფო ტურების ორგანიზება, წლის განმავლობაში 300-მდე მედიის წარმომადგენელი ჩამოგვყავს და ისინი ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას ახდენენ. ახლა განსაკუთრებით გვჭირდება ჩვენი ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცება საერთაშორისო მედიით. ჩვენ გვქონდა და ისევ გავაგრძელებთ აქტიურ სატელევიზიო რეკლამას BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews-ის ეთერით, წელს პირველად კი უკვე National Geographic-სა და Travel Channel-ზე იტრიალებს აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები. აჭარას ევროპის მიმართულებით აქტიურ პიარ კამპანიებს გავუწევთ. აქტიურად მოვახდენთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და ვეცდებით კერძო სექტორს დავეხმაროთ და შევარბილოთ ის ზიანი, რაც შესაძლებელია რუსეთის მიმართულებიდან ფრენების გაუქმებამ გამოიწვიოს.

გია ნოდია - თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა პოზიცია შეიცვალა, ეს მასზე ჩვენი დასავლელი პატრნიორების ზეწოლის შედეგი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია