სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა მიმდინარე წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოძიების საწყისი მიმდინარეობის პარალელურად ხარვეზების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება აპარატს აქამდე არ ჰქონია.

„ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმები გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის ელემენტები იქნება. სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად.

20-21 ივნისის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის სპეციფიკა ექსტრაორდინალურია და მას სახალხო დამცველის აპარატის წინარე გამოცდილებასთან მსგავსება არ აქვს. გამოძიების საწყისი მიმდინარეობის პარალელურად ხარვეზების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება სახალხო დამცველის აპარატს აქამდე არ ჰქონია. გასულ პერიოდში სახალხო დამცველმა საზოგადოებას რამდენიმე მიმდინარე საქმის შესწავლის შედეგები წარუდგინა. თუმცა, ხსენებულ შემთხვევებში გამოძიების დაწყებიდან საკმაო ვადა იყო გასული და შესაძლებელი იყო ჩატარებული გამოძიების ერთიანი და სრულყოფილი შეფასება. 20-21 ივნისის ფაქტების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველს მოუწევს შეაფასოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოძიების პროცესის კვალდაკვალ. მიუხედავად ამ მიმართებით შესაბამისი გამოცდილების არ ქონისა, სახალხო დამცველის აპარატი გააკეთებს ყველაფერს, რათა გამოძიება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად შეაფასოს და მიმდინარე რეჟიმში და საბოლოოდ მიაწოდოს რეკომენდაციები სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორებს.

სახალხო დამცველის აპარატი, ცხადია, ვერ ჩაანაცვლებს პროკურატურის საზედამხედველო ფუნქციას. მით უფრო, აპარატი ვერ შეასრულებს საგამოძიებო ფუნქციებს. სახალხო დამცველის აპარატის როლი საგამოძიებო ორგანოს პასუხისმგებლობით ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობის შეფასება იქნება და ამ კუთხით შესაბამის რეკომენდაციებს წარვუდგენთ საქმის ზედამხედველ პროკურორებს.

გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველი შექმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთვრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან წარმოდგენილი. უახლოეს დღეებში აღნიშნულის თაობაზე დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

სახალხო დამცველი ეცდება მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ბუნებრივია ვერ მოხდება იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოპერატიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება.

აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოძიების პროცესთან არსებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში კი მოგიწოდებთ მომართოთ სახალხო დამცველის აპარატს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს