თამარ ხულორდავა - ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი იმართება და სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი წინსვლები და კონკრეტული შედეგები ამ დიალოგის ფარგლებში არ გვაქვს

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი იმართება და სამწუხაროდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლები და კონკრეტული შედეგები ამ დიალოგის ფარგლებში არ გვაქვს,-ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ხულორდავას თქმით, მნიშვნელოვან გარღვევას არც ამჯერად ელოდება, თუმცა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქვეყნის დელეგაციას შესაძლებლობა აქვს, აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები დღის წესრიგში დააყენოს, ძალიან მნიშვნელოვანია.

ხულორდავას განმარტებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ქართული დელეგაციის მხრიდან ყველა მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი იქნება დასმული.

„დასმული იქნება საკითხები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. იცით, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული გართულება გვაქვს, რაც ახალი პერიოდის დამატებითი სირთულეა. 27 ივნისიდან ჩაიკეტა აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელი, რაც დამატებით სირთულეებს უქმნის ჩვენს მოსახლეობას, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ. ასევე, სხვა თემებზე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა ექვემდებარება დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნით, მათ მიმართ ადგილი აქვს სხვადასხვა უკანონო შეზღუდვებს, ეს ეხება მათ განათლების უფლებას, გადაადგილების უფლებას და ა.შ. ასევე, ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების გატაცებასთან და გარდაცვალების ფაქტებთან. კვარაცხელიას საკითხი იქნება აუცილებად გაჟღერებული და ამაზე პასუხების მოლოდინის რეჟიმში ვართ რუსეთის მხრიდან”,-აცხადებს ხულორდავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს