ზაზა ხუციშვილი - მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ მეც ვაცნობიერებ იმ რისკებს, რომლებიც ამ სისტემას მოყვება

მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ მეც ვაცნობიერებ იმ რისკებს, რომლებიც ამ სისტემას მოყვება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ხუციშვილის თქმით, ის ბლოკების წინააღმდეგია.

„მე გეტყვით პირდაპირ, რომ იტალიამ ცოტახნით დაუჭირა მხარი იმას, რომ გადავიდნენ ისევ შერეულ სისტემაზე, იმიტომ, რომ პროპორციულის დროს პრაქტიკულად ექვსი თვით ირჩევდნენ მთავრობას და სულ კრიზისში შედიოდნენ. თქვენ ახლა ნახეთ, რომ გერმანიამ ექვსი თვის განმავლობაში მთავრობა ვერ აირჩია და ასეთი ქვეყნისთვის როგორიც გერმანიაა, ეს არ არის სერიოზული პრობლემა იმიტომ, რომ ეს არის წელში გამართული, საათივით აწყობილი ქვეყანა. საქართველოსთვის ეს იქნება პრობლემა. რა თქმა უნდა, იდეალური სისტემები პრაქტიკულად არ არსებობს, ასე რომ იყოს, მაშინ ყველა ევროკავშირის ქვეყანას ექნებოდა ერთი სისტემა. ყველას თავისებური სისტემა აქვს, იმის მიხედვით, როგორი ქვეყნებიცაა. რა თქმა უნდა, ამ სისტემას აქვს თავისი უკუ ეფექტებიც, მაგალითად, მე არ ვარ პარტიული და აღარ მექნება საშუალება, რომ უპარტიოდ ვიყო პარლამენტში, უნდა ავირჩიო ერთ-ერთი პარტია. ავირჩევ ან „ქართულ ოცნებას“, ან საერთოდ არ ავირჩევ.

ამ სისტემის წინააღმდეგ არ წავალ, მხარს ვუჭერთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. ორი ვადით იყო „ქართული ოცნება“, ამის შემდეგ საზოგადოება მოითხოვს ცვლილებებს და ამ ცვლილებების საშუალება საზოგადოებას უნდა მივცეთ”, - განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ხუციშვილის თქმით, ბარიერთან დაკავშირებით მსჯელობა შესაძლებელია.

„რის წინააღმდეგაც წავალ, ეს არის ბლოკები. ეს არის სისტემა, რომლის დროსაც პარტიები, რომლებსაც არავის მხარდაჭერა აქვთ, შეიძლება ბლოკის სახით შევიდნენ ძლიერ პარტიასთან და მიიღონ დაფინანსება, როგორც კვალიფიციურმა სუბიექტმა და გააგრძელონ ის, რასაც აქამდე აკეთებდნენ, დაინიშნონ მაღალი ხელფასები და ოფისიც კი არ ჰქონდეთ საქართველოს მასშტაბით და იყვნენ ერთი კაცის პარტიები. რაც შეეხება ბარიერს, ნული იქნება თუ სამი, თუ ბლოკი არ იქნება, ამაზე მსჯელობა შეიძლება”,-აცხადებს ხუციშვილი.

ხუციშვილი კითხვაზე, შეძლებს თუ არა “ქართული ოცნება” დაითანხმოს 73 მაჟორიტარი დეპუტატი პროცპორციულ სისტემაზე, პასუხობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს უმრავლესობამ ვერ მოახერხა მაჟორიტარების პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე დათანხმება.

„ახლა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მათგან დიდი უმრავლესობა თანახმააა და ვფიქრობ, აქ ყველა ვარიანტში დაგვჭირდება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა. ვფიქრობ, ასეთი ძალების მხარდაჭერას მოვიპოვებთ იმიტომ, რომ ყველა თანხმდება, რომ ამ ეტაპზე გადასვლა არის საჭირო“, - აცხადებს ხუციშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს