მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მიწვევით, დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანის მიწვევით, დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია მიწვეული. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა გახსნეს.

მანამდე პრემიერმა ლი კეციანმა მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო რეზიდენციაში უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემები იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების მნიშვნელობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე მიუთითებს.

დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან, რომლებსაც საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე ესაუბრება. პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში დღეს სრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა