სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა, დაახლოებით, 20-30 აბიტურიენტმა ვერ მოახერხა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების უმრავლესობამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დასწრება მოახერხა.

როგორც სოფიო გორგოძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოცდისთვის ენგურის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი აბიტურიენტების მცირე რაოდენობამ ვერ გადმოკვეთა.

„რამდენი აბიტურიენტი ვერ გადმოვიდა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გვექნება. როგორც მოგეხსენებათ, აბიტურიენტები ქალაქს ირჩევენ, სად სურთ მათ გამოცდის ჩაბარება, არ არის მითითებული სკოლა სად დაამთავრეს. თუმცა, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა უწყებებიდან შევაგროვეთ, დაახლოებით, საუბარია 170-დან 180 აბიტურიენტამდე. ორ-სამ დღეში მეცოდინება ზუსტად, ვინ მოვიდა მათგან გამოცდაზე. იმ ინფორმაციით, რაც დღეს მაქვს, დიდი უმრავლესობა გადმოვიდა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დაწერა შეძლეს. მათ შორის იმ პირებმაც, ვინც გამოცდაზე გუშინ უნდა მოსულიყო. დაახლოებით, საუბარია 20-30 აბიტურიენტზე, რომლებმაც გადმოსვლა ვერ მოახერხეს. თუმცა, ზუსტად ეს ციფრი მას შემდეგ მეცოდინება, რაც ნაშრომები გასწორდება და მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც გამოცდაზე გასვლა ვერ მოახერხა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება ინდივიდუალურ საგამოცდო გრაფიკს, ვინაიდან უკვე მორჩა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ოთხივე სესია, ამ ეტაპზე, რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, რომ აბიტურიენტებს ამ 4 სესიის მანძილზე მოეხერხებინათ და დაეწერათ ტესტი. სამწუხაროდ, დღეის შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის აღდგენას ვეღარ შევძლებთ. ეს ტექნიკურად არის შეუძლებელი. დამთავრდა ყველა სესია, გამოვიყენეთ ყველა ტესტი, ხვალიდან ჩვენ ვაქვეყნებთ ქართული ენის და ლიტერატურის ტესტებს და მის კიდევ ერთხელ გამოყენებას ვერ შევძლებთ. ასევე სისტემა არის ელექტრონულად აწყობილი და ტექნიკურად არ შეგვიძლია ახალი გამოცდის ჩატარება ამ ბავშვებისთვის.

თუკი იქნება გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული, რომ დარჩენილმა აბიტურიენტებმა მიიღონ უმაღლესი განათლება, ეს არის განათლების სამინისტროს პრეროგატივა, რაც მოითხოვს კანონში ცვლილებებს. ჩემი ინფორმაციით, სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ამ ბავშვების უფლებების დასაცავად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის სკოლის შემდგომი პროგრამაც არსებობს, რაც გულისხმობს, რომ ისინი ჩაირიცხებიან კონკრეტულ პროგრამაზე მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ექვსი თვის განმავლობაში ისწავლიან, შიდა გამოცდებს ჩააბარებენ და იქვე გაგრძელებენ სწავლას. ეს მეორე შანსიც არის, თუმცა, ესეც არის სამინისტროს პრეროგატივა“, - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა