Amnesty International რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების დაუყოვნებლივი გამოძიება

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთის ფედერაციის მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას, ან გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი, სიღრმისეული და მიუკერძოებელი გამოძიება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა დაადგინოს დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები, გონივრული ეჭვის და საკმარის მტკიცებულებების საფუძველზე და აღასრულოს სამართალი მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარების დაცვით; დაუყოვნებლივ და სრულად აანაზღაუროს მისი საერთო ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და მისი სამხედრო ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების მსხვერპლთათვის მიყენებული ზარალი.

რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიმართ გასცა, ასევე აღნიშნულია:

„რუსეთის მთავრობამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება; მათ შორის, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით. ამავე დროს უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა არსებული სიტუაციის შესაბამისი და გადაუდებელი აუცილებლობით ნაკარნახევი იყოს; დაუყოვნებლივ გადახედოს და შეამსუბუქოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული გადაადგილების რეჟიმი.

გააუქმოს გადაადგილებაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, რომელიც უსაფრთხოებისა და სამხედრო საფრთხეებით არ არის ნაკარნახევი. უზრუნველყოს, რომ შეწყდეს არაპროპორციული წნეხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე; შეაფასოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული მიმოსვლის რეჟიმისა და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურის გავლენა ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. მისი ქმედებები სრულ თანხვედრაში მოიყვანოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამავე დროს, თანმიმდევრულად და ღიად აღასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო