გია ვოლსკი - არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გახარიას სურვილი ჰქონოდა, ან თვითონ განეხორციელებინა ოპერაცია, სადაც მოქალაქეები ზიანდებიან

არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გახარიას სურვილი ჰქონოდა, ან თვითონ განეხორციელებინა ოპერაცია, სადაც მოქალაქეები ზიანდებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რამდენად მიდის პოლიტიკური ხელმძღვანელის დონეზე ის, რასაც გადაჭარბებული ძალის გამოყენება ჰქვია.

“ეს არის მნიშვნელოვანი და არა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ემოციის დონეზე. სახელმწიფოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. არავინ დაუშვებს და არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გახარიას ასეთი ან სურვილი ჰქონოდა, ან თვითონ განეხორციელებინა ოპერაცია, სადაც მოქალაქეები ზიანდებიან. ეს მოხდა და გვახსოვს, როცა მოქალაქეები არათუ დააზიანეს, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა იყო, სახელმწიფოს სისტემური დანაშაული იყო - მოქალაქეები ეწამებინათ, დაემცირებინათ, მოეკლათ. სინანულიც კი არავის გამოუთქვამს იმაზე, რომ ოთხი ადამიანი მოკლეს, ამდენი აწამეს, ხელჯოხების დერეფანში გაატარეს. სისხლით მორწყეს არა მხოლოდ რუსთაველის გამზირი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დერეფნები, სადაც ადამიანებს ფრჩხილები დააძრეს. ეს ადამიანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება იყო და ახლა ძალის გადაჭარბება მოხდა, ეს არ ახასიათებს არც გახარიას და არც სახელმწიფოს თავის დამოკიდებულებაში კონკრეტული ადამიანის მიმართ. უნდათ, ეს განსხვავება მოშალონ და რაც შეიძლება მეტი მოთხოვნა იყოს, რათა მედიის და საზოგადოების ყურადღება იყოს გადატანილი ამ მოთხოვნებზე, სიღრმისეული ანალიზის მოთხოვნა კი არ არსებობს”, - აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის როლს 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში, ვოლსკის თქმით, ანზორ ჩუბინიძის მოვალეობაა, რომ პარლამენტის შიდა პერიმეტრი დაიცვას.

“თუ გამოდის და სიტუაციას აფასებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი საორგანიზაციო გადაწყვეტილებები მიიღოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. გახარიამ თქვა, რომ მთავარი ბრძანება მინისტრის მიერ არის გაცემული, მაგრამ ბრძანების შესრულების პროცესში ძალის გადამეტება ვერ იქნება მოკერებული სხვა ადამიანზე. კონსპირაციული არაფერი ხდებოდა. მცდელობაა, რომ გადაფარვა მოხდეს იმ უბედურების, რასაც ჰქვია სახელმწიფო დაწესებულებაში მოსალოდნელი შეჭრა და არაეულობა საქართველოს ყველა რაიონში. ფაქტობრივად, დღესაც ამ მძიმე პროცესში ვიმყოფებით. ამას ეკონომიკური პრობლების უშველებელი პაკეტი დაემატა. თავიდან ეს იყო მიზანი და ახლა ეს მიზანი სხვა მეთოდების გამოყენებით ხორციელდება. ანზორ ჩუბინიძის თემის შემოტანა მცდელობაა იმ უბედურების გადატანის, იმ უზნეობის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" ჩვენს თვალწინ დაატრიალეს”,-აცხადებს ვოლსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო