ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარალმენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა, ძირითადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

„ეუთო/ოდირის ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან, რათა დააკვირდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. მათი მხრიდან ეს მონიტორინგი ხორციელდება როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე ისინი ამ პროცესს განაგრძობენ საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მათთვის საინტერესო იყო, თუ რა პროცედურებით წარიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში, რა პროცედურები არსებობს ამასთან დაკავშირებით. ასევე საინტერესო იყო მათი მოსაზრებების მოსმენა და, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დამკვირვებლებთან ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს პოზიციები, რათა ეს პროცესი, რომელიც არის მრავალეტაპიანი და მაქსიმალურად გამჭვირვალე, იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობის მიმნიჭებელი, საზოგადოებას ჰქონდეს სრული მონიტორინგი როგორც პროცესისადმი, ასევე სრული ნდობა იმ გამჭვირვალე პროცესისადმი, რომელიც საბოლოოდ წარიმართება საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო მრავალეტაპიანი პროცესი, უზრუნველყო ის, რომ პროცესი წარიმართება ხანგრძლივად და არა მოკლე ვადაში, ამასთანავე კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ იგი იქნება გამჭვირვალე და საჯარო.

„ეს არის ძალიან სწორი, ვინაიდან ეს არის უპრეცედენტო პროცესი იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხანგრძლივად, მრავალეტაპიანად წარიმართება და არ არის მოკლე დროში გაწერილი პროცედურები. მოგეხსენებათ, პროცედურა და პროცესი იწყება იუსტიციის საბჭოში და ამის შემდეგ, პროცესი გადმოინაცვლებს საქართველოს პარლამენტში და ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ გამჭვირვალობას. კომიტეტში მოსმენები იქნება საჯარო, გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ასევე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ კომიტეტის სხდომებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართება მთელი პროცესი, რათა ჩვენს საზოგადოებას მისდამი სრული ნდობა ჰქონდეს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ამავე კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა