20 ივნისის აქციისას დაზარალებულებს სახელმწიფოსგან მკურნალობის ხარჯების, სამსახურში განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლიათ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გიორგი ანთაძის განმარტებით, 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაზარალებულ პირებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. როგორც ანთაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ჯანმრთელობის ზიანის მიყენებისას შესაძლებელია როგორც მკურნალობის ხარჯების, ასევე, სამსახურში განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, იურისტის განცხადებით, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, 20 ივნისს აქციის დაშლისას ამა თუ იმ პირის კონკრეტულად რა უფლებები დაირღვა და შემდეგ უკვე შესაძლებელია ზიანის ანაზღაურებაზე დავა, ან დავის გარეშე სახლმწიფომ თვითონ რომ აანაზღაუროს ის ზიანი, რაც მიაყენა თავის მოქალაქეებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს, რომ თუნდაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ძალის გადაჭარბებას და ამის შედეგად კონკრეტული პირებისთვის ზიანის მიყენებას, შესაძლებელია, ამის გამო სახელმწიფოს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც გულისხმობს როგორც მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, ასევე, იმის ანაზღაურებას, თუ ეს ადამიანები მუშაობენ, მკურნალობის გამო ცდებიან და ხელფასს ვერ იღებენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანი ნიშნავს იმ ტკივილს, რომელიც მათ განიცადეს, თუმცა მატერიალურად არ არის გამოსახული.

ვინაიდან, სახელმწიფომ თქვა, რომ თავად უზრუნველყოფს და მოაწესრიგებს კომპენსაციის საკითხს, მოქალაქეებს შეიძლება არ დასჭირდეთ ამაზე სასამართლოში დავა. სავარაუდოდ, სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს იმ წესს, რისი მიხედვითაც მოხდება ზიანის ანაზღაურება, იქნება ეს განცხადებით მიმართვა და შემდგომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება თუ სხვა პროცედურები,“ - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

გარდა ამისა, იურისტის განმარტებით, კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ 20 ივნისის ღამეს დაკავებულ პირებსაც, რომლებიც სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო, თუმცა მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა.

„არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ ზიანის ანაზღაურებაზე დავა, რომელთაც ჯანმრთელობა დაუზიანდათ, არამედ შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებიც სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო, თუმცა მათ წინააღმდეგ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება. ჩვენ როგორც ვნახეთ კონკრეტულ შემთხვევებში, ე.წ. კონვეირული წესით ხდებოდა 20 ივნისის ღამეს დაკავებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობა და პატიმრობაში გაშვება. ამაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ცალსახა პრაქტიკა აქვს, რომ ეს არის უკანონობა და არ შეიძლება მოქალაქეების სამართალდამრღვევად მიჩნევა მხოლოდ პოლიციის ახნა- განმარტების საფუძველზე,“ - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე რუსი დეპუტატი, მათ შორის, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. ოპოზიციამ გავრილოვის პარლამენტში ყოფნა და სპიკერის სავარძელში მოთავსება გააპროტესტა, რის გამოც ფორუმი ჩაიშალა. მოგვიანებით კი, მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც სამართალდამცველებსა და მათ შორის რამდენჯერმა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაახლოებით, ღამის 2 საათზე კი, სამართალდამცველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცველი და 33 ჟურნალისტი.

იხილეთ ვიდეო: რისი მოთხოვნის უფლება აქვთ აქციისას დაზარალებულებს სახელმწიფოსგან

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა