სალომე სამადაშვილი ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე - განტევების ვაცის პოვნა რიგით პოლიციელებში გადაწყვიტეს, ეს არის იმ ღამის მსხვერპლთა დაცინვა

ეს არის საზოგადოების და იმ ღამის მსხვერპლის დაცინვა, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადება შეაფასა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ივანიშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გაშვებას არ გეგმავს და განტევების ვაცის პოვნა რიგით პოლიციელებში გადაწყვიტა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად ახალ ვერსიებს გვთავაზობს იმისთვის, რომ აირიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჯერ მათი ვერსია იყო, რომ ბრძანება სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გამო გაიცა. ახლა გადავიდნენ ვერსიაზე, რომ მოგერიება იყო და პოლიციელებმა თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება. ვხედავთ, რომ გახარიას გათავისუფლებას არ გეგმავს ივანიშვილი და როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ განტევების ვაცი რიგით პოლიციელებში მოძებნონ. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც გახარია, ასევე მისი მოადგილეები და ძალოვანი უწყების ყველა ხელმძღვანელი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ და ამ ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ. არ არსებობს ვითარება, რომელშიც მსგავს გადაწყვეტილებას პოლიციელები თავად მიიღებდნენ, მითუმეტეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ კილომეტრების მანძილზე სდიეს აქციის მონაწილეებს მათთან გასწორების მიზნით. ეს არანაირად არ ჯდება არც აქციის დაშლის მისიაში და არც მოგერიებაში, როდესაც ქუჩა-ქუჩა ინადირეს აქციის მონაწილეებზე. ასე, რომ ეს არის საზოგადოების და იმ ღამის მსხვერპლის დაცინვა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სანამ გახარია შს მინისტრის პოსტზე რჩება, გამოძიებაზე საუბარი აბსურდია. მისივე შეფასებით, სრულფასოვან გამოძიებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი საპარლამენტო ფორმატი იარსებებს. სამადაშვილის აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი, რეალური სურათის დასადგენად, შესაძლოა, იყოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

შეგახსენებთ, შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, როდესაც იყო სახელწმიფო ინსტიტუტის შტურმით აღების საშიშროება და საფრთხე ეხებოდა პოლიციელების ჯანმრთელობას, ისინი ვერ დაელოდებოდნენ ბრძანებას. მისი თქმით, პოლიციელებს კანონის მიხედვით, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება შეუძლიათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა