ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც  საქართველოსთვის კარგია

ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კანდიდატურებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბელგიის პრემიერი შარლ მიშელი იქნება, ევროკომისიას გერმანიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაუდგება სათავეში, რომელმაც 2013 წელს გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, ხოლო ევროპის ცენტალურ ბანკს კრისტინ ლაგარდი, რომელიც მანამდე მსოფლიო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე იმ კანდიდატურების დასახელებას, რომლებზეც ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ?

- პირველი, რაც თვალში ხვდება, რა თქმა უნდა, არის რეგიონული მიკერძოება - არც ერთი კანდიდატი არ არის წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან. ასევე არც ერთი კანდიდატი არ არის ჩრდილო ევროპული ქვეყნებიდან.

რაც თვალში ხვდება, რა თქმა უნდა, არის რეგიონული მიკერძოება - არც ერთი კანდიდატი არ არის წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან. ასევე არც ერთი კანდიდატი არ არის ჩრდილო ევროპული ქვეყნებიდან

თვითონ შერჩეული კანდიდატები, რა თქმა უნდა, საკმაოდ გამოცდილები არიან. ლაიენი 6 წელი იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი, წამოიწყო ბუნდესვერის რეფორმა და პირველად „ცივი ომის“ შემდეგ გაზარდა გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი.

ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ საკმაოდ გაძლიერდება ეროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პროფილიც. ეს, რა თქმა უნდა, კარგია საქართველოსთვის.

ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია

რასაკვირველია, გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება უკეთესი იქნებოდა რომელიმე თანამდებობაზე აღმოსავლეთევროპული ქვეყნის წარმომადგენლის დანიშვნა.

თუმცა, მეორეს მხრივ, გერმანელი კომისიის პრეზიდენტი ალბათ უფრო გავლენიანი იქნება, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნისა. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრი კვლავ ცალკეულ სახელმწიფოებზე მოდის და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ლიდერების კომპეტენციები საკმაოდ შეზღუდულია.

- 20-22 ივნისის ლიდერთა შეხვედრაზე ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე იპპ-ს ლიდერ მანფრედ ვებერის, კონკურენციის სფეროში ყოფილი ევროკომისრის დანიელი პოლიტიკოსის მარგარეტ ვესტაგერის, ცნობილი ჰოლანდიელი დიპლომატისა და ვეტერანი ევროპოლიტიკოსის ფრანც ტიმერმანის, ასევე ბრექსიტის საკითხებში ბრიტანეთის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის მიშელ ბარნიეს კანდიდატურები განიხილებოდა.

ვინაიდან საბოლოდ სულ სხვა პერსონებზე იქნა შეთანხმება მიღწეული, უნდა გკითხოთ - სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ 20-22 ივნისისათვის ვისი კანდიდატურებიც განიხილებოდა, არც ერთი მათგანი ევროსტრუქტურების წამყვან თანამდებობაზე არ მოხვედრილა?

- ვებერი, ვესტაგერი და ტიმერმანი იყვნენ ე.წ. „შპიცენკანდიდატები“, ანუ ევროპული პარტიების კანდიდატები ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე და ბოლო დროის დაუწერელი წესის თანახმად, პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო ის კანდიდატი, რომლის პარტიაც გაიმარჯვებდა არჩევნებში ან კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ვისაც ექნებოდა ყველაზე მეტი ადგილი პარლამენტში.

თუმცა, ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარუდგინოს ევროკავშირის საბჭომ, ანუ ევროპის ქვეყნის ლიდერებმა, და ამ შემთხვევაში საბჭომ არ გაითვალისწინა „შპიცენკანდიდატების“ ეს დაუწერელი წესი, რაც რა თქმა, უნდა ცუდია ევროკავშირის დემოკრატიულობისთვის.

ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრი კვლავ ცალკეულ სახელმწიფოებზე მოდის და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ლიდერების კომპეტენციები საკმაოდ შეზღუდულია

ზოგადად ევროკავშირს, როგორც წესი, ხშირად აკრიტიკებენ დემოკრატიის დეფიციტის გამო და შპიცენკანდიდატის იდეაც იმიტომ გაჩნდა, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ აღმოეფხვრათ.

მაგრამ, საბოლოოდ საბჭო ვერც ერთ შპიცენკანდიდატზე ვერ შეთანხმდა - იყო აზრთა სხვადასხვაობა მერკელსა და მაკრონს შორის და დიდი ვაჭრობისა და კარსუკანა პოლიტიკური გარიგებების შედეგად აირჩიეს სულ სხვა კანდიდატები.

ეს ცუდია ევროპული დემოკრატიისთვის და კარგია ევროსკეპტიკოსებისთვისა თუ პოპულისტებისთვის, ვინაიდან მათ მეტი სალაპარაკო მიეცემათ.

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელად ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ჟოზეფ ბორელის დანიშვნის გამო კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მას თავის ესპანელ კოლეგასთან, რომელმაც ფედერიკა მოგერინი შეცვალა, კარგი და საქმიანი ურთიერთობა აქვს.

ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ვითარებაში, როცა ევროპულ პოლიტიკურ მოედანზე ანუ სიტუაციაში, როცა ევროპის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში რუსეთი აქტიურად ერევა, რაც გარკვეულ წილად აისახა კიდეც ევროპარლამენტის არჩევნებში, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია თუ რამდენად პრინციპული და თანმიმდევრული იქნება ევროპის საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ.

მხედველობაში მაქვს რუსეთის წინაღმდეგ დაწესებულ ეკონომიკური სანქციები. თქვენი აზრით, ამ თვალსაზრისით სავარაუდოდ როგორი ვითარება იქნება?

- ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყოველ ექვს თვეში ერთხელ გრძელდება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის საბჭო - ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები. ამ ეტაპზე სანქციების რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება. გერმანიის ახლანდელი მთავრობა პირველ რიგში დაინტერესებულია მისი გაგრძელებით, სანამ უკრაინის პრობლემები არ მოგვარდება.

მერკელის წასვლის შემდეგაც, თუკი მისი პარტია ხელისუფლებაში დარჩება, სავარუდოდ კვლავ დაუჭერს სანქციებს მხარს, ვინაიდან მერკელის შემცვლელს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერსაც იგივე პოზიცია აქვს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ რომელიმე ქვეყანა სანქციების გაგრძელებას ერთხელაც მხარს არ დაუჭერს, მით უმეტეს რომ პოპულისტები დღეს რამდენიმე ქვეყნის მთავრობაში არიან და ამასთანავე ბევრი ქვეყნის მთავრობა უბრალოდ დაინტერესებულია რუსეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობით.

ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარუდგინოს ევროკავშირის საბჭომ, ანუ ევროპის ქვეყნის ლიდერებმა, და ამ შემთხვევაში საბჭომ არ გაითვალისწინა „შპიცენკანდიდატების“ ეს დაუწერელი წესი, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია ევროკავშირის დემოკრატიულობისთვის

მაგალითად იტალია მთავრობაში პოპულისტების მოსვლამდეც ყოველთვის უფრო კრიტიკულად იყო განწყობილი სანქციების მიმართ. თვითონ გერმანიაშიც ზოგიერთი პარტიაში ბევრი პოლიტიკოსი მხარს უჭერს სანქციების მოხსნას ან შერბილებას.

მათ შორის სოციალ-დემოკრატების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელნიც, როგორც მოგეხსენებათ, მმართველ კოალიციაში არიან. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ეტაპზე არც ერთ ქვეყანას არ სურს საერთო ევროპული ხაზის დარღვევა, რაც მათ ნეგატიურ იარლიყს მიაწებებს.

- სულ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭომ რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო წართმეულ-ჩამორთმეული ხმის უფლება აღუდგინა. ფაქტია, რომ ევროსაბჭოში რუსეთს უკრაინის მიმართ გამოვლენილი აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება და ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია აპატიეს.

თქვენი დაკვირვებით, ევროსაბჭოში რუსეთისათვის ხმის უფლების აღდგენა ერთის მხრივ, სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს რუსეთის მიმართ ევროპულ პოლიტიკაზე, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხზე, როგორიცაა ევროპული ქვეყნების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა და მესამე მხრივ თავად ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე მიმდინარე პროცესებზე?

- ჩემი აზრით, პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს. არც არაღიარების პოლიტიკა შეიცვლება. თუმცა, რა თქმა უნდა, სიმბოლური თვალსაზრისით ძალიან ნეგატიური ჟესტია, ხელი შეუწყო რა რუსეთის იმიჯის აღდგენას და აჩვენა კიდევ ერთხელ ერვოპის ამბივალენტური სახე.

ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება... არც ერთ ქვეყანას არ სურს საერთო ევროპული ხაზის დარღვევა, რაც მათ ნეგატიურ იარლიყს მიაწებებს

ევროსაბჭოს ევროკავშირის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. შესაბამისად, რაც ხდება ევროსაბჭოში იმას არ ექნება გავლენა არც ევროკავშიირს სანქციების რეჟიმზე და არც რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობის სხვა სფეროებზე

რაც შეეხება აფხაზეთს და ცხინვალს, აქ ევროკავშირის პოლიტიკას განსაზღვრავენ ევროკავშირის ქვეყნები და თავად კავშირის უწყებები - ევროკავშირის საბჭო, კომისია და პარლამენტი.

ევროსაბჭოს ევროკავშირის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. შესაბამისად, იმის თუ რა ხდება ევროსაბჭოში, არ ექნება გავლენა არც ევროკავშიირს სანქციების რეჟიმზე და არც რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობის სხვა სფეროებზე.

- ტრამპის გაპრეზიდენტების პირველ წლებში, ახლა ნაკლებად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ისმოდა იმაზე, თუ როგორი იყო და ახლაც არის აშშ-ს ევროპული პოლიტიკა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა როლს ითამაშებს აშშ-ს ევროპული პოლიტიკა ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და სხვა ევროპული სტრუქტურების მუშაობაზე?

- ტრამპი ევროკავშირს ორ პრეტენზიას უყენებს - რომ ევროპის ქვეყნები არ იხდიან საკმარის თანხას სამხედრო ბიუჯეტში და აქვთ მაღალი სავაჭრო ტარიფები აშშ-თან, რაც პრინციპში ფორმალურად მართალია. ნატო-ს ქვეყნები 2014 წელს შეთანმდნენ რომ 2024 წლისთვის მშპ-ს მინიმუმ 2% გადაიხდიდნენ სამხედრო ბიუჯეტში, მაგრამ ევროპელების უმრავლესობა ამ დანაპირებს არ ასრულებს.

რა გავლენა ექნება ტრამპის კრიტიკას ძნელი სათქმელია. ევროპაში ამის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს - ზოგი მიმომხილველი თვლის რომ, ეს გამოიწვევს ევროპის დისტანცირებას აშშ-გან და დამოუკიდებელ სიმძიმის ცენტრად ჩამოყალიბებას.

ევროკავშირი უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავ დამოკიდებული რჩება აშშ-ზე და ბევრის აზრით, ევროპელებს ამ მდგომარეობის შეცვლა დიდად არ უნდათ

ამის მაგალითად მოჰყავთ ის, რომ მაკრონი და მერკელი სულ უფრო მეტს საუბრობენ „ევროკავშირის არმიის“ აუცილებლობის შესახებ და ასევე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სამხედრო ინტეგრაციის კუთხით, მათ შორის სამხედრო სისტემების დაახლოების კუთხით.

მაგალითად, სულ ახლახანს საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი 2024 წლისთვის საერთოევროპული საჰაერო საბრძოლო სისტემების, მათ შორის ახალი ბომბდამშენის შექმნაზე შეთანხმდნენ.

თუმცა, მეორე მხრივ, ევროკავშირი უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავ დამოკიდებული რჩება აშშ-ზე და ბევრის აზრით, ევროპელებს ამ მდგომარეობის შეცვლა დიდად არ უნდათ.

- ევროპარლამენტის წევრებმა მომავალ პრეზიდენტად ყოფილი იტალიელი ჟურნალისტი დევიდ სასოლი აირჩიეს. მას მხარი პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ, მან 667 ხმიდან 345 ხმა მიიღო.

ვიცით, რომ ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა საკმაოდ ჭრელია. თქვენი აზრით, ევროპარლამენტი რამდენად პრინციპული და თანმიმდევრული იქნება რუსეთის მიმართ?

- ევროპარლამენტი ჭრელი კი არის, მაგრამ უმრავლესობა კვლავ ტრადიციული სპექტრის პარტიებს აქვთ - სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და მწვანეები, ამიტომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

ევროპარლამენტი ჭრელი კი არის, მაგრამ უმრავლესობა კვლავ ტრადიციული სპექტრის პარტიებს აქვთ - სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და მწვანეები, ამიტომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი... პოპულისტებმა ადგილების მხოლოდ ერთი მეხუთედი აიღეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნებათ

პოპულისტებმა ადგილების მხოლოდ ერთი მეხუთედი აიღეს და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნებათ.

არც ერთ პოპულისტ მთავრობას დღემდე არ დაუბლოკავს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი რუსეთთან

ესეც რომ არ იყოს, ულტრამემარჯვენე პოპულისტების შემთხვევაში იკვეთება შემდეგი ტენდენცია, რომ როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან, ღიად მეგობრობენ რუსეთთან, მაგრამ როდესაც მთავრობაში მოდიან, პოზიციას ცვლიან და მეტნაკლებად იცავენ ევროკავშირის ერთიან ხაზს რუსეთთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, ასეთი ხაზი არსებობს - მაგალითად, არც ერთ პოპულისტ მთავრობას დღემდე არ დაუბლოკავს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი რუსეთთან.

- ყოველივე იმის ფონზე, რაც ევროსტრუქტურებში ხდება, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება ევროპასთან საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები, რა სიახლეებია მოსალოდნელი თუ დიდი ცვლილებებისთვის ფანჯარა ღია კარგა ხანს არ იქნება?

- ევროსტრუქტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი, მინიმუმ შემდეგ სამიტამდე. ევროკავშირს დღეს აქვს უამრავი შიდა პრობლემა და გამოწვევა და სამწუხაროდ, ნაკლებად იცლის მეზობელი ქვეყნებისთვის.

ევროკავშირს დღეს აქვს უამრავი შიდა პრობლემა და გამოწვევა და სამწუხაროდ, ნაკლებად იცლის მეზობელი ქვეყნებისთვის... თუმცა, შეიძლება ახლო მომავალშიც საჭირო გახდება საქართველოსთვის და უკრაინისთვის ურთიერთობის ახალი ფორმატების შეთავაზება, ვინაიდან ამ ქვეყნებმა ბოლომდე ამოწურეს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოტენციალი

თუმცა, რაღაც ეტაპზე, შეიძლება ახლო მომავალშიც, საჭირო გახდება საქართველოსთვის და უკრაინისთვის ურთიერთობის ახალი ფორმატების შეთავაზება, ვინაიდან ამ ქვეყნებმა ბოლომდე ამოწურეს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოტენციალი.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ამას აცნობიერებს, თუმცა ასევე თვლიან, რომ საქართველომ ჯერ ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოს რეფორმებზე და ბოლომდე ამოწუროს ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის პოტენციალი.

- დარწმუნებული ვარ, თბილისში 20 ივნისის მოვლენები და შემდგომ განვითარებული პროცესები შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. თქვენი დაკვირვებით, რა შეფასებები მოჰყვა 20 ივნისსა და შემდგომ თბილისში განვითარებულ პროტესტს?

- თბილისის მოვლენებს ევროპულ ქვეყნებში ერთმნიშვნელოვნად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე მხრივ, საკმაოდ უარყოფითად და სარკაზმითაც ფასდება რუსეთის ნეგატიური რეაქცია თბილისის მოვლენებზე.

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირი უჩვეულოდ თავშეკავებული იყო და ძალიან მშრალი განცხადებებით შემოიფარგლა... შედარებით ადექვატური შეფასება ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და პოლონეთს

რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებებს, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირი უჩვეულოდ თავშეკავებული იყო და ძალიან მშრალი განცხადებებით შემოიფარგლა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდნენ განცხადებებს. შედარებით ადექვატური შეფასება ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და პოლონეთს.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო