გიორგი ბარამიძე მეზვრიშვილის განცხადებაზე - გამოდის, რომ  პოლიციაზე  კონტროლი დაკარგეს? - არც კი უფიქრდებიან, რას ამბობენ

გამოდის, რომ ბრძანება არ ჰქონიათ, მთელი პოლიცია გადაირია და დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, ამას ამბობენ? არც კი უფიქრდებიან, რას ამბობენ, იმდენად არაადეკვატურები და წყობიდან გამოსულები არიან, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვირიშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციითაც, იმ სიტუაციაში, რომელშიც 20 ივნისს პოლიციელები აღმოჩნდნენ, ვინმეს ბრძანებას ვერ დაელოდებოდნენ.

როგორც ბარამიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები მიანიშნებს, რომ ისინი პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ.

„ეს არის გაუგონარი უტიფრობა და სამარცხვინო საქციელი. გამოდის, რომ მთელი 6-7 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ძალები გამოსული იყო კონტროლიდან და პარლამენტის შენობიდან მოშორებით, 7 საათის განმავლობაში ხალხს დასდევდნენ, ტყვიებს ესროდნენ, სცემდნენ და ამ ფონზე შს მინისტრი და მისი მოადგილე საუბრობენ, რომ მათზე არ არის პასუხისმგებლობა?, ანუ კონტროლიდან იყო გასული სამინისტროს პირადი შემადგენლობა? დარბევები არ ხდებოდა მხოლოდ პარლამენტის სიახლოვეს, არამედ ეს ხდებოდა სხვა ადგილებშიც, უნივერსიტეტამდეც კი ჩავიდნენ. მთელი ეს პერიოდი ახალგაზრდებთან ერთად ვიყავი იქ და ვუყურებდი რა ხდებოდა. ახლა სამინისტროში ცდილობენ თქვან, რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ რას აკეთებდა პოლიცია. გამოდის, რომ ბრძანება არ ჰქონიათ, მთელი პოლიცია გადაირია და დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, ამას ამბობენ? არც კი უფიქრდებიან რას ამბობენ, იმდენად არადეკვატურები არიან და გამოსულები არიან წყობიდან. რა სისულელეებს ამბობენ ვეღარ ხვდებიან, ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ“, -განაცხადა ბარამიძემ.

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა 20 ივნისის მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციელებს კანონის მიხედვით, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება შეუძლიათ.

„როცა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როცა პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ, ხედავდით როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს, როგორ ხდებოდა განიარაღება, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, დალოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა! კანონით შეიძლება, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო