დავით უსუფაშვილი - თუ შსს-ს ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ თითოეული პოლიციელის გადასაწყვეტია, როდის ფარს აიფარებს და რეზინის ტყვიას გამოიყენებს, ათჯერ უფრო ცუდად ყოფილა საქმე, ვიდრე გვეგონა

თუ შს სამინისტროს ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ თითოეული პოლიციელის გადასაწყვეტია, როდის რას მოიმოქმედებს, როდის ფარს აიფარებს და როდის რეზინის ტყვიას გამოიყენებს, მაშინ 10-ჯერ უფრო ცუდად ყოფილა საქმე, ვიდრე დღემდე გვეგონა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. უსუფაშვილის თქმით, თუკი პოლიციამ ბრძანების გარეშე დაიწყო არასწორი, სპონტანური მოქმედება, მაშინ ხელმძღვანელობის მხრიდან ის ბრაძნება მაინც უნდა გაცემულიყო, რომ ასეთი ქმედება შეეწყვიტათ.

„ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, ახლა, ამ წუთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები აფხაზეთიდან რუსი ჯარისკაცების და მათი შენაერთების განდევნით უნდა იყვნენ დაკავებული იმიტომ, რომ ხედავენ, მათი ქვეყანა არის ოკუპირებული, იქ იმყოფება უკანონო შეიარაღებული ძალები, ჯარისკაცის მოვალეობა კი ქვეყნის მთლიანობის დაცვაა. შეიძლება ასე ვიმსჯელოთ საკითხებზე, როდესაც პოლიციელზე ან ჯარისკაცზე ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, პოლიციელს თავისი მოვალეობები აქვს, მაგრამ როდესაც ქუჩაში ასეთი მასობრივი აქციაა და შს სამინისტროს ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ თითოეული პოლიციელის გადასაწყვეტია, როდის რას მოიმოქმედებს, როდის ფარს აიფარებს, როდის რეზინის ტყვის გამოიყენებს, როდის 200 მეტრში გამოეკიდება ვინმეს და თვალში ესვრის, თუ ასე მართავენ ისინი ქვედანაყოფებს, მაშინ 10-ჯერ უფრო ცუდად ყოფილა საქმე, ვიდრე დღემდე გვეგონა. მე მგონია, რომ ყველა მოქალაქე და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უნდა უფრთხილდებოდეს სწორედ რიგით პოლიციელს.

ხდება ხოლმე, როდესაც ბრძანების გაცემის დრო აღარ რჩება, იმდენად მყისიერია რამე საფრთხე. მე ასეთი მყისიერად წარმოშობილი ახალი გარემოება ვერ ვნახე. იქ საათების განმავლობაში იყო ფიზიკური შეხება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. იმიტომ ჰყავს იმ პოლიციელს ხელმძღვანელი, რომ თუ ბრძანების გარეშე დაიწყო პოლიციამ სპონტანური, არასწორი მოქმედება, მაშინ ის ბრძანება მაინც უნდა გაეცა, რომ შეწყვიტეთ არასწორი მოქმედებებიო. ასეთი ლოგიკით ფონს ვერ გავა შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, როდესაც იყო სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღების საშიშროება და საფრთხე ეხებოდა პოლიციელების ჯანმრთელობას, ისინი ვერ დაელოდებოდნენ ბრძანებას. მისი თქმით, პოლიციელებს კანონის მიხედვით, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება შეუძლიათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს