პროკურატურა - სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია სამედიცინო ისტორიები, რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები

20-21 ივნისს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების გამოძიების ფარგლებში, საავადმყოფოებიდან ამოღებულია აქციის დაშლისას დაშავებულთა სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

ასევე, პროკურატურის მიერ ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან, გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები.

„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.

თბილისში მდებარე 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად იქნა ამოღებული სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს ფაილს აჭარბებს. აღნიშნული მასალის შესწავლა და ანალიზი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა.

გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 20-21 ივნისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით.

საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ამ მიზნით, მათ უკვე ეთხოვათ, საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები. საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება,” - განაცხადეს პროკურატურაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს