აკაკი ბობოხიძე - იმისთვის, რომ თავდასხმა განახორციელო, ცოტა მართალიც უნდა იყო - პროკურატურის გამოძიებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს

ამ მუხლით არანაირი პერსპექტივა არ ექნება არანაირ საქმეს და ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ, პროკურატურის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, 20-21 ივნისს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება.

როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, 2016 წლიდან მოყოლებული მსგავსი მუხლებით საქმეების აღძვრა ხშირად ხდებოდა, თუმცა შემდეგ გამოძიებაში არც ერთი ნაბიჯი აღარ იდგმებოდა.

„პროკურატურა და ხელისუფლება თავიანთი ჭკუით რაც უფრო მეტად გადავლენ შეტევაზე, უფრო მეტად გაიხლართებიან იმ ბადეში, რომელსაც თავისი ჭკუით ქსოვენ. ამას ჩვენ არ ვურჩევთ და დანარჩენი მათი საქმეა. 2016 წლიდან ძალიან ხშირად გაგვიგონია მსგავსი მუხლით საქმეების აღძვრა, თუმცა შემდეგ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა გამოძიებაში. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ წუთში საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, მაგრამ ეს ასე არაა ხოლმე ყოველთვის. იმისთვის, რომ თავდასხმა განახორციელო, ცოტა მართალიც უნდა იყო. ამ მუხლით არანაირი პერსპექტივა არ ექნება არანაირ საქმეს და ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული. ყველა პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს და ასე უცებ, დაჯდე შენს პროკურორებთან და იფიქრო - მოდი, რასაც მინდა იმას ვიზამ, ასე არაა დღეს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში