„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლს სახელმწიფო ყოველწლიურად ექსპერტიზის ჩატარებას ავალდებულებს

შშმ მსჯავრდებულ ა.თ.-ს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის მოხდა გადაუვადდა. “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოითხოვს, მოქალაქე სრულად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ადამიანის უფლებათა ცენტრიდან” აცნობეს, ა.თ. დაკავებისას სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა. მიუხედავად ამისა, მას არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

„ა. თ. 2012 წელს დააკავეს, რა დროსაც იგი იყო სრულიად ჯანმრთელი. №8 დაწესებულებაში იგი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტზე ა.თ. საგამოძიებო ორგანოებმა ციხეში მხოლოდ ერთხელ გამოკითხეს მოწმის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ცემისა და წამების შედეგად, მსჯავრდებული დღეისათვის პირველი ჯგუფის შშმ პირია, დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მიმართა გენერალურ პროკურატურას, ეცნობებინა, რა ეტაპზეა ა. თ.-ს საქმის გამოძიება, მაგრამ პროკურატურის პასუხი სტანდარტულია - მიმდინარეობს გამოძიება.

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ასევე მიმართა №8 პენიტენციურ დაწესებულებას, მოეწოდებინა 2012 წელს, ა. თ.-ს დაკავებისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია. პენიტენციური დაწესებულების პასუხის თანახმად, მსგავსი დოკუმენტაცია არქივში არ იძებნება.

ა. თ.-ს სასჯელი 2013 წლიდან გადავადებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ 2019 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს. დაკავების საფუძველი იყო ის, რომ 2018 წელს საკუთარი ხარჯით ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება, რაც ყოველ წელს ევალებოდა, რადგან სასჯელი გადავადებული ჰქონდა.

2019 წელს ა.თ.-ს განმეორებით ჩაუტარდა ექსპეტიზა, რომლის თანახმად, იგი კვლავ პირველი ჯგუფის შშმ პირია, არ გაუმჯობესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად ამ დასკვნისა, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს განმეორებით მიმართა სასჯელის გადავადების შუამდგომლობით და არა მისი გათავისუფლების მოთხოვნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაწყებულიყო მოკვლევა ა. თ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის დაკარგვის ფაქტზე. ორგანიზაციას ამ მიმართვაზე პასუხი დღემდე არ მიუღია.

„2019 წლის ივნისის თვიდან ა. თ.-ს კვლავ გადავადებული აქვს სასჯელის მოხდის ვადა, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გაუმართლებლად მიიჩნევს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და სახალხო დამცველს, დაინტერესებულიყვნენ საკითხით, თუ რატომ გადაუვადეს პირველი ჯგუფის შშმ მსჯავრდებულს სასჯელი და რატომ არ გაათავისუფლეს იგი სასჯელისგან სრულად.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთმთხვევაში, როდესაც პატიმრის მიმართ გამოყენებულია სასჯელის მოხდის გადავადება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და მსჯავრდებული საკუთარი ხარჯით ვერ ახერხებს ექსპერტიზის ჩატარებას, რაც ყოველ წელს მისი ვალდებულებაა და ამის გამო ხდება განმეორებით პატიმრობის შეფარდება, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს განმეორებით უნდა მიმართოს მისი გათავისუფლების მოთხოვნით.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს პროკურატურას, ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” მოწოდების თანახმად, ა. თ. სრულად უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რადგან კვლავ არსებობს საფრთხე, რომ იგი საკუთარი ხარჯებით ვერ შეძლებს ექსპერტიზის ჩატარებას, რის გამოც მას კიდევ ერთხელ მოუწევს პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა