აქციის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედა - ჩემი შვილი ცდილობდა პოლიციისთვის ფარი წაერთმია, რათა ტყვიებისგან თავი დაეცვა

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ოჯახი ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას გამორიცხავს. როგორც დაკავებულის დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, მისი შვილი დაშავებული ადამიანების დასახმარებას ცდილობს და სწორედ ამ მიზნით ურტყამს პოლიციელის ფარს ხელკეტს. გობეჯიშვილის თქმით, ზურაბ ბუდაღაშვილი ცდილობდა პოლიციისთვის ფარი წაერთმია, რათა ტყვიებისგან თავი დაეცვა.

"გუშინ საღამოს დააკავეს სახლთან. მთელი დღე თურმე იქ ყოფილან ჩასაფრებული და ელოდებოდნენ. როგორც კი გამოვიდა გარეთ, დააკავეს. ზურა აქციაზე შემთხვევით მოხვდა. მისი მეგობარი მიდიოდა და გაჰყვა. როცა მივიდა აქციაზე, ნახა, რომ მის გვერდით გოგონა წაიქცა და ტკივილისგან ტიროდა და წიოდა. ზურამ გამოსტაცა პოლიციელებს ხელიდან ხელკეტი და ფარის წართმევას რომ უპირებდა და ვერ ართმევდა, ამიტომ არტყამს იმ ხელკეტს ფარზე. თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზურა ფარს არტყამს და არავინ დაუზიანებია და დაუზარალებია. ჩემი შვილი დაზარალდა. ორი ტყვია აქვს ნასროლი. ჩვენ არ მოგვითხოვია პასუხი ამაზე. გავჩუმდით და გვერდზე გავდექით", - განაცხადა მაგული გობეჯიშვილმა.

დაკავებულის დედა მისი შვილის გათავისუფლებას ითხოვს.

"ჩვენ ბუზს სპილოდ არ ვაქცევთ და ვითმენთ ამ ტკივილებს. ახლა მოთმენის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, გაათავისუფლონ ჩემი შვილი და გამიშვან საქართველოდან. საქართველოში დამტანჯეს, გამაწამეს, ოჯახი დამინგრიეს და დამიქციეს. სახლ-კარი აღარ გამაჩნია. ყველაფერი შეეწირა ამ უსამართლობას. დღეს თუ ჩემს ოჯახში შემოვიდნენ, ხვალ ვის მოადგებიან, ვინ იქნება ზურას მერე? ზურა ხელოვანი და ნიჭიერი ადამიანია, თავისი სამყარო აქვს, დაანებონ თავი. უსამართლობის პიკია და ზურა უსამართლობის მსხვერპლად იქცევა. უსამართლობის მსხვერპლი მე ვარ პირველ რიგში. მე დედა ვარ და როგორც დედა მივმართავ და ვეხვეწები ყველას - დამიდგეს ყველა დედა გვერდით, ვის შვილსაც საფრთხე ემუქრება. ზურა მოძალადე არასდროს ყოფილა. მძულს ყველა ომი - ეს ზურას სიტყვებია", - აღნიშნა ბუდაღაშვილის დედამ.

20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ პირს - ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი უკვე წარედგინა. რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, მათთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღეს მოხდება.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„დააკავეს ოთხი ავტომანქანით მისულმა სპეცრაზმელებმა და ამასთან ერთად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა. თითქოს ეს იყო სასწაული დამნაშავე. მოგონილი მტკიცებულებები აქვთ, რომ თითქოს იყო შეიარაღებული სხვადასხვა საშუალებებით და ცდილობდა პარლამენტში შეღწევას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე პოლიციის წინააღმდეგობის საფუძველზე არის დაკავებული. მთავრობა ახორციელებს ჯანსაღ, ნიჭიერ მოქალაქეებზე ანგარიშსწორებას. სწორედ იმის გამო, რომ ისინი არიან თავისუფლები და უყვართ თავიანთი ქვეყანა“,-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს