საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან აცნობეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, საღამოზე ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც თენგიზ ცერცვაძის შემოქმედებით ბიოგრაფიას ასახავს. საღამოზე აღინიშნა, რომ თენგიზ ცერცვაძე არის საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, რომლის ძალისხმევითაც ქვეყანამ აიცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. აგრეთვე თენგიზ ცერცვაძე არის უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი.

მათივე ცნობით, საღამოზე აღინიშნა, რომ 2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის (ჯანმო-ს ფორმულირებით) მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია, რომლის მსგავსიც არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის თენგიზ ცერცვაძე უმაღლესი აკადემიური ჯილდოთი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

„თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ქმნის ეპოქას, ქვეყნის ისტორიას. შიდსის ცენტრის ჩამოყალიბება და C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამის დანერგვა საქართველოში მის სახელს უკავშირდება. ამასთან, ის არის ძალიან კარგი მკვლევარი, მასწავლებელი, პროფესორი, ექიმთა მთელი პლეადის აღმზრდელი“, -განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

„თქვენ, თქვენი მოღვაწეობით მსოფლიოს ორი, ძალიან მძიმე დაავადება დაამარცხეთ. ეს ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვებაა მსოფლიოსა და ჩვენი პატარა ქვეყნისათვის. თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაატარო შენი ცხოვრება, აიღო ინიციატივა, იყო მასზე პასუხისმგებელი და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობითვე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თენგიზ ცერცვაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა და გლობალური გამოწვევების თაობაზე მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა. მან აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის დამსახურება და ღვაწლი საქართველოში აივ/შიდსის საწინააღმდეგო სამსახურისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შექმნაში. საიუბილეო საღამოს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია უძღვებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა