ვერდის ფესტივალს საქართველოში თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებენ

5 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბლექ სი არენადან“ აცნობეს, პრესკონფერენციას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე და „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი პირველად ვერდის ფესტივალი სცდება იტალიის საზღვრებს და ჩატარდება საქართველოში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა.

მათივე ცნობით, 2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3-წლიანი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთ თანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

16 აგვისტოს - „ბალ-მასკარადი“ პრემიერა გაიმართება თბილისის ოპერის თეატრში. ეს არის ტეატრო რეჯიო დი პარმას დადგმა.

23 აგვისტოს - არენა დი ვერონას "აიდა" ბლექ სი არენას სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, ბლექ სი არენაზეპირველად დაიდგმება საოპერო სპექტაკლი.

25 აგვისტოს კი ბლექ სი არენაზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალაკონცერტს გამართავენ.

„ბლექ სი არენასთვის“ ეს არის უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. პირველად, მრავალწლიანი არსებობის ისტორიაში, ვერდის პრესტიჟული ფესტივალი ტოვებს იტალიას და გადმოინაცვლებს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ სამიდან ორი ღონისძიება სწორედ ჩვენს არენაზე გაიმართება. მზად ვართ იმ ტექნიკური სამუშაოებისთვის, რომლებიც წინ უძღვის ამ შესანიშნავ სანახაობას, ჯერ „აიდას“, შემდეგ კი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების გალაკონცერტების სახით“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ტატო ხარჩილავამ.

მედიასთან შეხვედრისას ბადრი მაისურაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს.

„მაღალფარდოვან სიტყვებს ვერ ავცდებით, რადგან ეს განსაკუთრებული დღეა. ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ ვაკეთებთ განცხადებას. არ მოვერიდები სიტყვა უპრეცედენტოს გამოყენებას, რადგან ეს მართლაც ასეა. ვერდის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების უფლება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს გადმოეცა“, - განაცხადა ბადრი მაისურაძემ.

გიორგი ანდღულაძის თქმით, ჯერ თბილისის ოპერის, შემდეგ კი „ბლექ სი არენას“ სცენას იტალიიდან და არა მხოლოდ, უამრავი მსოფლიო დონის შემსრულებელი დაიკავებს და საქართველოში ჩამოვლენ არა მხოლოდ ოპერის მომღერლები, არამედ რეჟისორები, ტექნიკური ჯგუფი და ა.შ.

„ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედიაკომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყობს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი.

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს და არა მხოლოდ მათ, მისცემს შესაძლებლობას, იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალიხარისხის პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ ბილეთები, რომლებიც tkt.ge-სა და biletebi.ge-ზე გაიყიდება, უპრეცედენტოდ დაბალი ფასისაა და იწყება 20 ლარიდან“, - ნათქვამია „ბლექ სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა