სოფიო ქაცარავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს

ლუქსემბურგში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავას მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სესიის პირველი დღეს, რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ რეზოლუციის პროექტის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დელეგაციების მხარდაჭერით, რეზოლუციის პროექტი განსახილველ საკითხებს დაემატა.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტზე, ჩვენი დელეგაციის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუციის პროექტის განხილვის საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა. რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასამბლეის საკომიტეტო და პლენარული სხდომები “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. ჩვენი მიზანია რეზოლუციის ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში ასახვა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება“, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ.

რუსეთის ფედერაციის განცხადებას, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის ეუთო-ს ასამბლეის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი გამოეხმაურა.

“ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ საქართველოს ტერიტორიებია ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს",- განაცხადა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა ისაუბრა.

“ლუქსემბურგში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აქ განიხილება საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. ბოლო პერიოდში ეუთოს არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ამჟამად ფოკუსირება ადამიანის უფლებებზე კეთდება. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის დელეგაციის მხრიდან რეზოლუციის მიღებას დიდი წინააღმდეგობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღნიშნული რეზოლუციის მიღება მოხდეს და კიდევ ერთხელ გავამყაროთ ჩვენი პოზიციები. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო აზრის მობილიზება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ლუქსემბურგში დღესვე, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურად უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს.

სხდომაზე ასევე ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიისა და საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში სამართლის დარღვევების თაობაზე დებატები გაიმართა. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს მიმართა.

“მომხსენებლისა და კოლეგების ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ერთად ერთი კონფლიქტი აქვს - ესაა კონფლიქტი რუსეთთან. არსებობს ამ კონფლიქტის ეთნიკური შემადგენელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ რუსეთმა მოახდინა 90-იან წლებში ამ კონფლიქტის პროვოცირება და დღემდე იყენებს მას. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხის მგებელი იმაზე, რომ ძვრა არ არის კონფლიქტის მოგვარებაში. სწორედ რუსეთია როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ასიათასობით დევნილი და ლტოლვილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს