ლადო პაპავა - საუკეთესო სცენარი იქნებოდა მთელი მთავრობის გადადგომა თუ მას ჩაუდგებოდა ივანიშვილი და დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა პროპორციულ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, მაგრამ

ფაქტია, რომ ხელისუფლება ირაკლი კობახიძის მსგავსად გახარიას ვერ იმეტებს.

მეტიც, ხელისუფლება აცხადებს, რომ 20 ივნისს აქციის დაშლა კი არა, მოგერიება იყო, პოლიციელები დამოუკიდებლად, თავის შეხედულების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურატურამ გადატრიალების მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა ლიდერების მიმართ, დაკავებულები არიან აქციის აქტივისტები.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება პროკურატურის ბრალდებები და თქვენ როგორ შეაფასებდით 20 ივნისის შემდეგ ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მოქმედებას?

- დავიწყოთ იმით, რომ 20 ივნისს მომხდარშიც და შემდეგშიც რაც ხდებოდა აშკარად იკვეთება არაპროფესიონალიზმი, რაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების გამორჩეულ მახასიათებელად იქცა, რის გამოც მას უხდება მის მიერვე გაძლიერებული „გაერთიანებული“ ნაციონალური ოპოზიციის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგით ”თამაში”.

20 ივნისს მომხდარშიც და შემდეგშიც რაც ხდებოდა აშკარად იკვეთება არაპროფესიონალიზმი, რაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების გამორჩეულ მახასიათებელად იქცა

გაუგებარია, თუ რატომ არ გაუჩნდათ სახელისუფლებო პოლიტიკოსებს პროტესტის გრძნობა, როცა გაიგეს, რომ მართლმადიდებლური ასამბლეის თავმჯდომარე რუსეთის კომპარტიის წევრია, რატომ ჩაატარეს ამ ასამბლეის სხდომა საქართველოში, როცა მისი თავმჯდომარე რუსეთის დუმის წევრია, რატომ ჩაატარეს ეს სხდომა მაინცდამაინც თბილისში და თანაც პარლამენტის შენობაში...

საზოგადოებისთვის გაუგებარია თუ თავად ბატონმა ირაკლი კობახიძემ რატომ არ განაცხადა გადადგომის შესახებ და რატომ იდგა ”დასჯილი ბავშვივით”, როცა ამას აცხადებდა ბატონი კახა კალაძე.

გაუგებარია, თავიდანვე ანუ 21 ივნისიდანვე რატომ არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების შეფასება ყოველივე იმას, რისი მცდელობაც ჰქონდა ”გაერთიანებულ” ნაციონალურ ოპოზიციას

გამოდის, რომ ბატონი კობახიძე კი არ გადადგა, როგორც ამას დღეს აცხადებენ ”ქართულ ოცნებაში”, არამედ პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გადააყენეს.

გაუგებარია თავიდანვე, ანუ 21 ივნისიდანვე რატომ არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების შეფასება ყოველივე იმას, რისი მცდელობაც ჰქონდა ”გაერთიანებულ” ნაციონალურ ოპოზიციას, იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ ზუგდიდის არჩევნებში დამარცხებული ქალბატონი სანდრა რულოვსი და მისი ”უკრაინელი” მეუღლე, რომელიც პოლიციელებს მოუწოდებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ბრძანებებს.

კობახიძე კი არ გადადგა, როგორც ამას დღეს აცხადებენ ”ქართულ ოცნებაში”, არამედ პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გადააყენეს

ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა ხომ თავიდანვე ტელეკამერების წინ უთხრა ბატონ გიორგი გახარიას, რომ პარლამენტში ხალხი შევიდოდა...

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის სუსტი პოზიცია, რითაც პარლამენტში წარდგა პროკურატურის წარმომადგენელი, როცა მოითხოვდა ბატონი ნიკანორ მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას დაჭერის მიზნით.

როცა პროკურატურის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ თურმე დიპლომატიური პასპორტით შეძლებდა ბატონი მელია შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილებას, აშკარად ღიზიანდები ამის მსმენელი, რადგანაც ჩვეულებრივი პასპორტითაც შეიძლება ამის გაკეთება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.

ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ არაპროფესიონალიზმის გამო დაშავდა არაერთი ჩვენი თანამოქალაქე საპროტესტო აქციის დაშლისას

ეს სუსტი პოზიცია ხომ არ გახდა იმის საფუძველი, რომ სასამართლომ არც პროკურატურის და არც პარლამენტის პოზიცია არ გაიზიარა? თუმცა ”მურუსიძის” სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა კიდევ ცალკე საკითხია...

ბატონი მელიასადმი ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მის მიმართ პროკურატურამ სრულად არგუმენტირებული ბრალდების წარდგენა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ ორი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელთაც ეყოთ გამბედაობა და გუნდურობაზე მაღლა აუცილებელი საპარლამენტო სტანდარტი დააყენა...

გაუგებარია, 20 ივნისის ავადსახსენებელ ღამეს დაშავებული ადამიანები რატომ უნდა მკურნალობდნენ არა სახელმწიფოს, არამედ ”ქართუ” ფონდის ხარჯზე

ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ არაპროფესიონალიზმის გამო დაშავდა არაერთი ჩვენი თანამოქალაქე საპროტესტო აქციის დაშლისას.

გაუგებარია, 20 ივნისის ავადსახსენებელ ღამეს დაშავებული ადამიანები, რატომ უნდა მკურნალობდნენ არა სახელმწიფოს, არამედ ”ქართუ” ფონდის ხარჯზე. სხვა სიტყვებით, გაუგებარია, როცა სახელმწიფოს ვალდებულება და კერძო სტრუქტურის ქველმოქმედება ერთმანეთშია არეული...

- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის, ისე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები უეცარი და სპონტანური სახალხო პროტესტის გამოვლინება იყო.

ძნელი სათქმელია, რა ახალი სამხილები აქვს პროკურატურას, რითაც ამტკიცებს, რომ 20 ივნისის ღამეს გადატრიალება იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზუსტად ისე იქცევა, როგორც მისი წინამორბედი.

ისეთი პირი უჩანს, რომ ისევე, როგორც 2007 წელს, ახლაც ხელისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილებით იმოქმედებს. ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ, - იგულისხმება ის, რომ გახარია თანამდებობას არ დატოვებს და ისიც, რომ პროკურატურა გააგრძელებს მომხდარზე მის მიერ არჩეული გზით სიარულს, - შეიძლება პროცესები არასასურველი სცენარით განავითაროს.

ფაქტების იმ მოცემულობაში, რაც სადღეისოდ გვაქვს, თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ?

- რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ეს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის განსჯის საგანი უნდა გახდეს. ამისათვის კი საჭიროა დასრულდეს გამოძიება და პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს ბატონ გახარიას.

საჭიროა დასრულდეს გამოძიება და პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს ბატონ გახარიას

მივესალმები გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობას, რაც ამ გამოძიებაში ობიეტურობის გაზრდის განცდას იძლევა.

- ფაქტია, რომ მმართველი ძალის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ხელისუფლების შესანარჩუნებლად აღიქმება, ხოლო საჯარო სივრცეში ოპოზიციის აქტიურობა ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მზადებად.

რადგან ორივე მხარის აქტიურობისა თუ ზეაქტიურობისაგან საფრთხეები რეალურად არსებობს, თქვენი აზრით, შექმნილი ვითარებიდან მოვლენათა მშვიდობიანად განვითარების საუკეთესო სცენარი როგორი იქნებოდა?

- ჩემი აზრით, მოვლენათა განვითარების საუკეთესო სცენარი იქნებოდა მთელი მთავრობის გადადგომა, ახალ მთავრობას კი მორიგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სათავეში უნდა ჩაუდგეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რითაც უნდა დასრულდეს არაფორმალური მმართველობის ეპოქა. ის იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი.

მოვლენათა განვითარების საუკეთესო სცენარი იქნებოდა მთელი მთავრობის გადადგომა თუ ახალ მთავრობას მორიგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სათავეში ჩაუდგებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში ჯობს ისევ ივანიშვილმა უხელმძღვანელოს მთავრობას. შეიძლება ზოგიერთი დღევანდელი მინისტრი შეინარჩუნოს კიდეც ახალ მთავრობაში.

რაც ყველაზე მთავარია, ბატონი ბიძინას უმთავრესი ამოცანა პრემიერ-მინისტრის რანგში უნდა გახდეს 2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

- 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი ძალა თანახმაა 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით, უბარიეროდ ჩატარდეს.

დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი ძალის მიერ პროპორციული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარებით „ოცნებას“ სურს ჰყავდეს დაქსაქსული ოპოზიცია და ისეთი ჭრელი პარლამენტი, რომლის კონფიგურაციაში მას არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება.

რადგან ქვეყნის ინტერესშია ეფექტიანი და კვალიფიციური საკანონმდებლო ორგანოს ყოლა, თქვენი რეკომენდაციები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, როგორია?

- ნამდვილად არ ვთვლი, რომ დღეს შერეული სისტემით არჩეული პარლამენტი გამორჩეულია ეფექტიანობით და განსაკუთრებით, კვალიფიციურობით.

ხელოვნური ბარიერის არარსებობის პირობებში ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში პრაქტიკულად გამოირიცხება გამარჯვებული ძალების მიერ იმ ამომრჩეველთა ხმათა გადანაწილება, რომელთაც ეს ხმები არ მიუღიათ.

ხელოვნური ბარიერის გარეშე პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები ამომრჩეველს შეუქმნის და გაუძლიერებს კიდეც იმის განცდას, რომ მის მიერ მიცემული ხმა არ არის სხვა პოლიტიკური ძალის მიერ ასე ვთქვათ კანონიერად ”მითვისებული”.

ხელოვნური ბარიერის გარეშე პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები ამომრჩეველს შეუქმნის და გაუძლიერებს კიდეც იმის განცდას, რომ მის მიერ მიცემული ხმა არ არის სხვა პოლიტიკური ძალის მიერ ასე ვთქვათ კანონიერად ”მითვისებული”

დღეს პოლიტიკურ სარბიელზე გამოდის ახალგაზრდობა და ”ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და ყოველგვარი ხელოვნური ბარიერის გარეშე, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას აქტიურ პოლიტიკაში მოსასვლელად არა უკვე სახელგატეხილ პარტიებს მიეტმასნონ, არამედ შექმნან საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციები და დამოუკიდებლად, არჩევნების გზით დაიმკვიდრონ ადგილი ქართულ პოლიტიკაში.

ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის კულტურა, უნდა ვისწავლოთ კოალიციური მთავრობის ინსტიტუციის ამოქმედება. სულაც არ იქნება ტრაგედია თუ მოხდება მთავრობათა ხშირი ცვლა, რადგანაც ესეც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებასა და მის გაძლიერებას

მე საქართველოს მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დავინიშნე 1994 წელს, როცა ქვეყნის პარლამენტში ზოგიერთი პარტია წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი დეპუტატით.

რა თქმა უნდა, ასეთ ”ჭრელ” პარლამენტთან მთავრობის მუშაობა გართულებულია, თუმცა 1992-1995 წლების პარლამენტმა ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო და 1995 წელს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, ქვეყნის უმთავრესი საკანონმდებლო აქტი. ასე რომ, პირადად მე სულაც არ ვუყურებ მრავალპარტიულ პარლამენტს უარყოფითად.

ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის კულტურა, უნდა ვისწავლოთ კოალიციური მთავრობის ინსტიტუციის ამოქმედება. სულაც არ იქნება ტრაგედია, თუ მოხდება მთავრობათა ხშირი ცვლა, რადგანაც ესეც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებასა და მის გაძლიერებას.

- რუსულ-ქართული ურთიერთობები 30 წელია გართულებულია, მაგრამ 20 ივნისის შემდეგ რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების ახალი ეტაპზე რომ ვართ, ეჭვი აღარავის ეპარება.

გავრილოვის თბილისში წარუმატებელ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოსთან რუსული მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა - „ჩვენს ტრადიციებში არაა ჩვენი მისამართით თავხედობისა და მუქარის გადაყლაპვა.“ სამწუხაროდ, ამ განცხადებაზე ოფიციალურ თბილისს პასუხი არ გაუცია.

თქვენ აზრით, რა ხდება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და როგორ შეაფასებდით, თბილისში საპარლამენტო ასამბლეის ჩაშლაზე მოსკოვის რეაქციას?

- რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ახალი არაფერი ხდება. ის ტრადიციულად ”ზემოდან” დაჰყურებს თავის მეზობლებს.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან მძიმე მოცემულობის გათვალისწინებით ცხოვრება და განვითარება. ბიზნესი უნდა იყოს დივერსიფიცირებული

მოსკოვისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებებიც არ არის იმის ხელშემშლელი, რომ რაც სურს, ის განახორციელოს.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან მძიმე მოცემულობის გათვალისწინებით ცხოვრება და განვითარება. ბიზნესი უნდა იყოს დივერსიფიცირებული, ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ ბაზარზე, ამ შემთხვევაში კი რუსეთზე ჩამოკიდებული.

- ჟენევის კონსულტაციების უშედეგოდ დასრულება არ გაგკვირვებია, მაგრამ პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ბატონმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსული მხარე ქართული პროდუქტების ექსპორტს საქართველოში ხელს არ შეუშლის.

ეს გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, რადგან უკანასკნელი 7 წელი რუსეთი სულ იმას ცდილობდა, რომ ქართული ეკონომიკა მასზე ყოფილიყო დამოკიდებული.

მაგრამ, თუ ბატონ კარასინის ჯერ ჟენევის დიალოგამდე და შემდეგ ჟენევაში გაკეთებულ განცახადებებს კარგად დავაკვირდებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ცდილობს საბოლოდ დაასამაროს ჟენევის კონსულტაციები და თბილისს მოსკოვთან დიალოგის ახალი ფორმატი შესთავაზოს, კერძოდ, ამერიკელებისა და ევროპელების გარეშე.

ასევე რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსული მუქარა დაახლოებით ამგვარია - ან მშვიდობა ჩემი სცენარით, რაც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსების მიერ დაწესებული თამაშის წესების მიღებას გულისხმობს, ან ღია დაპირისპირება და თუ საჭირო გახდა ომიც კი.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება საქართველოსთან მიმართებაში კრემლის ახალი სტრატეგია და უახლოეს ხანებში რაა მისგან მოსალოდნელი?

- უკრაინის მოვლენების შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთზე გამოცხადებული იქნა სავაჭრო ემბარგო. ამ პირობებში, ჯანსაღი აზრიდან გამომდინარე, მოსკოვს სულაც არ უნდა აწყობდეს საქართველოდან პროდუქტების იმპორტის აკრძალვა.

მოსკოვისთვის ჯანსაღ აზრზე უფრო ძლიერი იმპერიალისტური ამბიციებია. ამიტომ მისგან ირაციონალური ნაბიჯები საქართველოს (და არა მარტო საქართველოს) ”დასასჯელად” სულაც არ არის გამორიცხული

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მოსკოვისთვის ჯანსაღ აზრზე უფრო ძლიერი იმპერიალისტური ამბიციებია. ამიტომ მისგან ირაციონალური ნაბიჯები საქართველოს (და არა მარტო საქართველოს) ”დასასჯელად” სულაც არ არის გამორიცხული.

რუსეთს ურჩევნია არეული, არასტაბილური, კონფლიქტებში ჩართული საქართველო. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ კრემლს ეს მზაკვრული ჩანაფიქრი არ გამოუვიდეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას დიდად ვერ ვახერხებთ...

უნდა კარგად გავიაზროთ და დავიმახსოვროთ, რომ კრემლის ინტერესებში სულაც არ შედის სტაბილურად განვითარებადი საქართველო.

მას ურჩევნია არეული, არასტაბილური, კონფლიქტებში ჩართული საქართველო და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ კრემლს ეს მზაკვრული ჩანაფიქრი არ გამოუვიდეს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ამას დიდად ვერ ვახერხებთ...

- “პატრიოტთა ალიანსმა“ სპორტის სასახლეში შეკრება დაანონსა ლოზუნგით - „არა „ნაცებს“, არა ქოცებს“. მათი მტკიცებით, ისინი პარლამენტს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ ანტინაცურ რეზოლუციას და თუ მათგან ამჯერადაც არ მიიღეს მხარდაჭერა, პარლამენტზე პერმანენტულ შეტევებს ისინი განახორციელებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ 20 ივნისამდე ქუჩა „პატრიოტთა ალიანსისა“ და ვასაძისა და მისი რაინდების იყო, ხოლო ახლა იგი, პროდასავლურად განწყობილი ახალგაზრდებისაა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ქუჩისთვის ბრძოლაა“.

ღმერთმა არ ქნას დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ქუჩაში დაპირისპირება, მაგრამ ასეთი რამ გამორიცხული სულაც რომ არაა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

გაქვთ იმის იმედი, რომ პოლიტიკური ლიდერები გამოავლენენ პასუხისმგებლობას და არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო პოლიტიკური ჯგუფებს შორის ქუჩაში დაპირისპირებას?

- სწორედ იმიტომ, რომ ქუჩის ფაქტორი მინიმუმამდე დავიდეს, პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი.

უნდა მივეჩვიოთ, რომ მთავრობის თუ მის ცალკეულ წევრთა შეცვლა უნდა გახმოვანდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. პოლიტიკურმა ელიტამ უნდა ისწავლოს საპარლამენტო ცხოვრება, და მხოლოდ ამ გზით გახდება შესაძლებელი ქუჩის პარლამენტით ჩანაცვლება.

ქუჩის ფაქტორი რომ მინიმუმამდე დავიდეს, პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი

ამ ეტაპზე აუცილებელია იმის მიღწევა, რომ კონსტიტუცია და შესაბამისი საარჩევნო კანონმდებლობა ისე შეიცვალოს, რომ იყოს მხოლოდ პროპორციული არჩევნები და არ დაწესდეს ხელოვნური ბარიერები პარტიების მიერ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო