ლაშა ბუღაძე - მიხეილ გიორგაძის გადადგომა რასაკვირველია უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს - მთავრობა კრიზისშია და საერთოდ, მთავრობაც უნდა გადადგეს

მიხეილ გიორგაძემ მარტო მწერლებს, გამომცემლობებს და საქართველოს პერსპექტივებს კი არ შეუქმნა პრობლემა ქვეყნის საზღვრებს მიღმა, არამედ, ხელისუფლებასაც, - ასე აფასებს მწერალი ლაშა ბუღაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მიერ თანამდებობის დატოვებას.

როგორც ბუღაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიხეილ გიორგაძემ შექმნა კრიზისი, რომელზეც საბოლოო ჯამში, მხოლოდ ის ალბათ არ არის პასუხისმგებელი.

„წიგნის ცენტრის“ და „მწერალთა სახლის“ გაუქმება, ამ ორი უწყების „აფეთქება“ მის სინდისზეა, რომ აღარაფერი ვილაპარაკო საყდრისზე. მან მარტო მწერლებს, გამომცემლობებს და საქართველოს პერსპექტივებს კი არ შეუქმნა პრობლემა საქართველოს საზღვრებს მიღმა ჩვენი ავტორიტეტის ამაღლების კუთხით, არამედ, როგორც ჩანს, ხელისუფლებასაც. კრიზისი შექმნა, რომელზეც საბოლოო ჯამში, მხოლოდ ის ალბათ, არ არის პასუხისმგებელი.

ეს ყველაფერი დაიწყო შარშან მისი „ლეგენდარული“, სრულიად არაკომპეტენტური მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის ინტრიგებით, რაც დღემდე გრძელდება. ბერიკაშვილი შარშან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. აღმოვჩნდით კატასტროფის წინაშე და შეიძლება საერთოდ ჩაფლავებულიყო საქართველო ამ დილეტანტების წყალობით. გამომცემლებმა, მწერლებმა და ჟურნალისტებმა გადავარჩინეთ ეს პროექტი. ახლა წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. შექმნეს გაუგებარი ჰიბრიდი გაუაზრებლად, რასაც ჩვენ, მწერლებმა ბოიკოტი გამოვუცხადეთ. ამ ფონდთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ იმიტომ, რომ 4 თვეა ვითხოვთ შეხვედრას და განმარტებას რა ხდება და რატომ გააუქმეს ორი წარმატებული უწყება. შედეგად მივიღეთ მხოლოდ ამ კაცის გადადგომა. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, თუკი არ აღდგება სტატუს-კვო და არ გაგრძელდება ის წარმატებული პროცესი. წინ არის პარიზის წიგნის ბაზრობა, სტამბოლის წიგნის ბაზრობა, პოლონეთი, შვედეთი და უამრავი შესაძლებლობა, სადაც შეგვიძლია თავი წარმოვადგინოთ. ვიღაც ჩინოვნიკები ამას აფუჭებენ იმიტომ, რომ თურმე არ სიამოვნებთ მწერლები რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. უკაცრავად, მწერალი თუ მოქალაქე იმიტომაა, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება“, - განაცხადა ბუღაძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ მიხეილ გიორგაძის გადადგომა საკმარისი არ არის და პასუხისმგებლობა მინისტრმაც უნდა აიღოს.

„მინისტრი აქამდე არ გვხვდებოდა და ვერც იმას ვხვდებოდით ეს ადამიანი საერთოდ რას აკეთებდა, ან რატომ იყო დადუმებული. ჩვენ ვითხოვდით აეხსნა, მაგრამ უშედეგოდ. ერთია მწერალი რას აკრიტიკებს და მეორეა გამომცემლობა, პროფესიონალები, ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესებში ჩართულები იყვნენ. ამ ხალხის ფეხებზე დაკიდება და პოლიტიკური ნიშნის დასჯის სურვილით წარმატებული სტრუქტურების დანგრევა დანაშაულია. რა საკვირველია, მინისტრიც პასუხისმგებელია, თუმცა, ინტრიგის მთავარი მონაწილეები ბერიკაშვილი-გიორგაძის კლანი იყო“, - განაცხადა ბუღაძემ.

მისივე მოსაზრებით, მიხეილ გიორგაძის გადადგომა ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც ხელისუფლებას საზოგადოებასთან ერთად მწერლებიც უპირისპირდებიან.

„რა საკვირველია, ამასაც უკავშირდება. მთავრობა კრიზისშია და საერთოდ, მთავრობაც უნდა გადადგეს. ჩვენ და მეც მათ შორის, ვითხოვთ გახარიას გადადგომას, რადგან ის არის პასუხისმგებელი ახალგაზრდების თვალების დაბრმავებაზე, მაგრამ გიორგაძეც უკავშირდება ამ მოვლენებს. გიორგაძე ბევრი ნიშნით მოიქცა ძალიან ცუდად, მათ შორის, ზვიად რატიანთან მიმართებაში შარშან. როგორც ჩანს, სადამსჯელო ღონისძიებას კურირებდა მწერლების მიმართ, მაგრამ ერთია მწერალი, მისი კონკრეტული კრიტიკული პოზიცია და მეორეა საერთოდ უწყება, სისტემები, სადაც არა მხოლოდ მწერლები არიან ჩართული. მწერლები აკრიტიკონ, ლანძღონ, მაგრამ ანგრევენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე უწყებებს“, - განაცხადა ბუღაძემ.

ცნობისთვის, მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გააკეთა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გიორგაძის უფლება მოვალეობებს, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადაიბარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა