ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური პრობლემების შექმნა სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან

ეკონომიკური პრობლემების შექმნა სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კახეთში ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, რომელიც ასეთ დესტრუქციულ პროცესებს ქმნიან ქვეყანაში, საკითხს აყენებენ აბსოლუტურად არასწორად და ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, რომ ფოკუსი არიონ და წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, რომ რაღაც ალტერნატივები გვაქვს, ერთი მხრივ, ალტერნატივაა ტერიტორიული მთლიანობა და მეორე მხრივ - ბაზრები ან ეკონომიკური კეთილდღეობა. ასე საკითხის დასმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა და მოდის სწორედ მათი ინტერესიდან, ვისაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნა რეალურად სურდა. ეს ცალსახაა, მათი ერთადერთი ამოცანა და დღის წესრიგი უკავშირდება ეკონომიკური პრობლემების შექმნას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა მიუღებელია განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, განსხვავებით პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც თვითონაც დიდწილად არიან თანამონაწილეები და პასუხისმგებლები რა სიტუაციაც გვაქვს, მათ შორის ოკუპაციის გაძლიერების“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემები დაიწყო უფრო ადრე, 90-იანი წლებიდან.

„ცალსახაა, მაგრამ გართულებული და გაუარესებული ვითარება ზუსტად მათი მმართველობის პერიოდში მივიღეთ. მათი თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობა ცალსახაა და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაექცევიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ როდესაც დავიწყეთ საუბარი ბაზრების გახსნაზე, ან სავაჭრო-კომერციული თუ კულტურული კავშირების აღდგენაზე და სხვა ტიპის თანამშრომლობაზე, არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის თუ უგულველყოფის ხარჯზე არ მომხდარა არც ერთი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ჩვენ ცალსახად თავშივე, როდესაც ეს იყო ზურაბ აბაშიძის ფორმატი, თუ ნებისმიერი სხვა, იგივე ჟენევის მოლაპარაკებები, საერთაშორისო მიღებული ფორმატები, აღვნიშნეთ და ვთქვით, რომ არსებობს წითელი ხაზები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. შეხვედრა გურჯაანში, კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა