ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. როგორც თამლიანის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არავითარი საფუძველი, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდებინათ, არ არსებობდა. ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არაერთი ალტერნატივა შესთავაზეს, რათა გამორიცხულიყო ყველანაირი რისკი ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების.

„ამ პროცესს და საერთოდ ქვეყანაში არსებულ პროცესს შეგვიძლია დავარქვათ სამართლის, სიმართლის, იუსტიციის, სასამართლოს და ხელისუფლების კაპიტულაცია რუსული პოლიტიკის მიმართ. ბრალდებას არ ჰქონდა არც ერთი საფუძველი, ამ პირებისთვის პატიმრობის შესაფარდებლად, თუმცა მოსამართლემ თავიდან ბოლომდე დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. ამტკიცებდნენ, რომ მიიმალება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეა. იმისთვის, რომ გამოირიცხოს რისკი გაქცევის, დამალვის, მტკიცებულებების განადგურების, შევთავაზეთ გირაო, ამასთან კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, როგორც მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის შემთხვევაში. ასევე ვიყავით თანახმა, რომ გამოყენებულიყო სამაჯური, რომლის მეშვეობით ტექნიკურად იქნებოდა შესაძლებელი გაკონტროლება, სად იმყოფება ბრალდებული. გარდა ამისა, ასევე თანახმა ვიყავით პროკურორის თანხმობის გარეშე არ დაეტოვებინა ის ლოკაცია, სადაც მას განუსაზღვრავდნენ ყოფნას. აქედან გამომდინარე, გამორიცხული იყო ამ ხალხის მიმალავა, ახალი დანაშაულის ჩადენა და ა.შ“, - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციის საქმეზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს