ვლადიმირ კონსტანტინიდი - ეუთოში საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის მიღება, ერთგვარი პასუხია იმ უსაფუძვლო ნარატივზე, თითქოს საქართველო დასავლეთის რადარებიდან გამქრალია

ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის მხრიდან საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მიღება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული მხარე აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე, ერთგვარი პასუხია იმ უსაფუძვლო ნარატივზე, თითქოს საქართველო დასავლეთის რადარებიდან არის გამქრალი,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, დოკუმენტი უფრო მეტად პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, ვიდრე პრაქტიკულს. თუმცა, მისივე თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები განუხრელად უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დეოკუპაციას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის კუთხით და დგამს ქმედით ნაბიჯებს. ამის დასტური გახლავთ სწორედ ეს დოკუმენტი - ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტისგან საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მიღება. რომელიც დიდი უპირატესობით იქნა მიღებული - 50 მომხრე იყო 5-ის წინააღმდეგ. ეს დოკუმენტი გახლავთ 26-პუნქტიანი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. მასში დაგმობილია რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია, ასევე მკვლელობის, წამების, უკანონო დაკავებების და გატაცებების უკანონო ფაქტები. რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობებს.

ასევე დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთის რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზეც. ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფერედაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული მხარე აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე და ერთგვარი პასუხია იმ უსაფუძვლო ნარატივზე, თითქოს საქართველო დასავლეთის რადარებიდან არის გამქრალი“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

რაც შეეხება შედეგებს, როგორც კონსტანტინიდი ამბობს, ერთი კონკრეტული დოკუმენტით გარღვევას არ უნდა ველოდოთ.

„იცით, რომ არაერთი შედეგი გვაქვს მიღწეული საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ეუთოში, ასევე გაეროს ფორმატში, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ერთი კონკრეტული დოკუმენტისგან არ უნდა ველოდოთ გარღვევას. რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას, ეს ცინიზმიც არახალია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ცდილობს თავისი პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო შეთანხმებით აქვს აღებული, გაექცეს.

ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, რომ ასეთ მოწოდებებს რუსეთი განუხრელად შეასრულებს, მაგრამ ასეთი სახის დოკუმენტების მიღებას სხვა დატვირთვა აქვს და ის რეალურად არის მკვეთრი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს მიმართ და დასტური იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები განუხრელად უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დეოკუპაციას. ეს გახლავთ კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტი და გაგვიჭირდება რაიმე სანქციაზე საუბარი. დოკუმენტი უფრო მეტად პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, ვიდრე პრაქტიკულს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს