გია ხუხაშვილი  - დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს

დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს, - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში, მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა.

„დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს.

ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა.

ნუ გექნებათ იმედი, რომ „ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.

კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში.

გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას.

თუ მართლა გეშინიათ, გრცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გრცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ“, - წერს გია ხუხაშვილი.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა