კომუნიკაციების ეროვნული კომისია - დაუშვებელია, გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება

მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2”-ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, - ასე ეხმაურება კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში „პოსკრიპტუმის“ გუშინდელ გადაცემას.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმ ფონზე, როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მიუღებელია, რომ ამავე სახელით კეთდებოდეს უხამსი განცხადებები.

„მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2”-ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.

იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს