გია ვოლსკი - ომი საქართველოს არ დაუწყია, ეს ათასჯერ არის ნათქვამი - ყველა წინაპირობა შეუქმნა სააკაშვილმა რუსეთს აგრესიისთვის

ომი საქართველოს არ დაუწყია, ეს ათასჯერ არის ნათქვამი. ყველა წინაპირობა შეუქმნა სააკაშვილმა რუსეთს აგრესიისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლსკი გიორგი გაბუნიას მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვის ტექსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, თუ რა ფაქტები არსებობს, როცა კონსპირაციულ თეორიაზეა საუბარი.

„მე ფაქტები რა მაქვს იცით?! პირველი ფაქტი არის ის, რომ განაპირობეს ოკუპაცია და აგრესია და ახლა უნდა განაპირობონ ეკონომიკური აგრესია. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ვინ განაპირობა ოკუპაცია, ვოლსკი პასუხობს, რომ „სააკაშვილის მოღალატეობრივმა, მტრულმა პოლიტიკამ“.

„ომი საქართველოს არ დაუწყია, ეს ათასჯერ არის ნათქვამი. ყველა წინაპირობა შეუქმნა სააკაშვილმა აგრესიისთვის რუსეთს", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ეთერში გაკეთებულ განცხადებებს დაუყოვნებლივ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საპასუხო განცხადება და ამგვარი სწრაფი რეაქცია რატომ არ ჰქონდა ხელისუფლებას გავრილოვის თბილისში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, ვოლსკი პასუხობს, რომ მთავრობამ მაშინ ამაზე დროული რეაგირება მოახდინა.

„თქვენ წამებში რომ დაითვალოთ, საკმაოდ სწრაფი რეაგირება მოჰყვა გავრილოვს. გავრილოვის პროვოკაციული ჩახტომა სავარძელში არ განაპირობებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს. ეს ესმით ვაშინგტონში, ბრიუსელში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლკსი ასევე გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტის საკითხს.

„რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე ამაზე ცუდი წერტილი ვეღარ მოიძებნება. თუკი ეკონომიკურ ურთიერთობებზეა ლაპარაკი, ეს არ არის განპირობებული რაიმე პოლიტიკური წინაპირობით. ეს არის განპირობებული იმით, რომ ეკონომიკური ვითარება საქართველოში არ დამძიმდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა