თინა ხიდაშელი - მამუკა ხაზარაძეს ორი არჩევანი ჰქონდა: ან სახლში წასულიყო და ხმა არასდროს ამოეღო, ან აქტიური გამხდარიყო - მან ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო

„როდესაც მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, მას უკვე ნათლად ჰქონდა დანახული, როგორ უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა,“ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის თაობაზე. ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ხაზარაძის მიერ შექმნილი მოძრაობა „ერთ კაცზე ჩამოკიდებული“ არ იქნება, როგორც, მისი თქმით, ამ ქვეყანაში ხდება ხოლმე.

მისივე აზრით, მამუკა ხაზარაძემ ეს ნაბიჯი „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადადგა. ხიდაშელის თქმით, ხაზარაძემ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც სახლში ჩუმად ჯდომის ნაცვლად, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანად ყოფნა არჩია.

„როდესაც მამუკა ხაზარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, ვფიქრობ, მას უკვე სრულიად ნათლად ჰქონდა დანახული, როგორ უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. ამიტომ არაფერი გასაკვირი ამაში არ იყო, უბრალოდ მეგონა ცოტა უფრო ადრე იტყოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ჩათვალა საჭიროდ. მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო. სანამ არ გვეცოდინება რეალურად რა გუნდით მოდის, ვისთან ერთად მოდის, ძალიან ძნელია რამის თქმა. ჩემი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული მოძრაობები ჩნდება ხოლმე და როგორც ჩნდება, ისევე წარუმატებლად მთავრდება. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში გუნდსა და იმ ამოცანების შესრულებაზე ვსაუბრობთ, რაც თავისსავე განცხადებაში უწერია.

ვფიქრობ, ამ ნაბიჯის გადადგმა მან კი არ გადაწყვიტა, ვითარება შეიქმნა ასეთი. რეალურად, მას ორი არჩევანი ჰქონდა: ან სახლში უნდა წასულიყო და საერთოდ არასოდეს ხმა აღარ უნდა ამოეღო, ან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი უნდა გამხდარიყო. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძემ სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. მე არამგონია, რომ ამ ქვეყანას ის რესურსი აქვს, რომ წარმატებული ადამიანები სახლში ისხდნენ და არაფერს აკეთებდნენ,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. ხაზარაძის განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს